მისი წარმომადგენლები სპორტინგთან მოლაპარაკებებს გამართავენ | რას აპირებს ქოჩორაშვილი
გიორგი ქოჩორაშვილის „სპორტინგმა“ ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო. ქართველი ფეხბურთელის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით პორტუგალიურ პრესაში აქტიურად იწერება და A Bola-მ უახლესი ინფორმაცია გაავრცელა.
A Bola-ს მიხედვით, ქოჩორაშვილმა იცის, რომ რუი ბორჟესის სამომავლო გეგმების ნაწილი არ არის, თუმცა სავარჯიშო პროცესის პირველ კვირებს გამოიყენებს, რათა შეაფასოს, თუ რა ადგილი უკავია ნახევარდაცვით იერარქიაში და რა პოზიცია აქვს მთავარ მწვრთნელს შექმნილ კონკურენციასთან დაკავშირებით.
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის მიზანია გაარკვიოს, უღირს თუ არა ძირითადი შემადგენლობისთვის ბოლომდე ბრძოლა, თუ უშანსოდაა დარჩენილი და ბორჟესი მას სასტარტოს მიღმა მოიაზრებს. თუ მოვლენები მეორე ვარიანტის მიხედვით განვითარდა, ქოჩორაშვილის წარმომადგენლები აპირებენ, „სპორტინგის“ ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებები გამართონ. ისინი ეცდებიან, კლუბი გიორგის იჯარის წესით გაშვებაზე დაიყოლიონ, რომლის ვადის გასვლის შემდეგაც ხელშეკრულებაში კონტრაქტის გამოსყიდვის უფლება ჩაიდება.
A Bola-ს მიხედვით, ქართველი ნახევარმცველი „სელტასა“ და „ლევანტეს“ რადარზეა, მაგრამ კონკრეტული წინადადება არც ერთ კლუბს გაუკეთებია. „სპორტინგს“ ქოჩორაშვილის ეგრევე გაყიდვა და მის სანაცვლოდ 5.5 მილიონი ევროს მიღება სურს, ამ მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე კი თანხმობას ჯერჯერობით არავინ ამბობს.