როდრი, მიკელ ოიარსაბალი
Aa
Aa

სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ | როდრის და ოიარსაბალის შეფასებები

მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში საფრანგეთი ესპანეთს დაუპირისპირდა და პირველი ფინალისტის ვინაობაც ცნობილი გახდა. შეხვედრა ტეხასში გაიმართა, „ფურია როხამ“ „ლე ბლეს“ მრისხანე შეტევა სრულიად გათიშა და დამსახურებულად გაიმარჯვა — 2:0. 

მატჩის საწყის წუთებში სათამაშო უპირატესობას ესპანეთი ფლობდა და ანგარიში სწორედ ლუის დე ლა ფუენტეს ბიჭებმა გახსნეს. ლუკა დინიმ შეცდომა დაუშვა, ლამინ იამალის წინააღმდეგ იუხეშა და თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც მიკელ ოიარსაბალმა გამოიყენა — 1:0. საწყის 45 წუთში „ლე ბლეს“ შეტევა მთლიანად გათიშული იყო. „სამფეროვნებს“ კარში ზუსტად არც ერთხელ დაურტყამთ და კარისკენ სულ რაღაც ორი დარტყმა ჰქონდათ. 58-ე წუთზე საფრანგეთის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. ესპანელებმა შესანიშნავი კომბინაცია გაითამაშეს და პედრო პორომ „ფურია როხას“ უპირატესობა ორბურთიანი გახადა.

როდრი: „ნაბიჯ-ნაბიჯ, კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით. გუნდი ეიფორიაშია. ფინალში უკვე მეორედ ვართ, ახლა კი სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ და დავისვენოთ. მახასიათებლებიდან გამომდინარე, ვიცოდით, რომ საფრანგეთის ნაკრები უფრო ფეთქებადია, ესპანეთის ნაკრები ბურთის ფლობაზეა ორიენტირებული. ფლანგის მცველების და, ზოგადად, მთელი გუნდის დახმარება ბრწყინვალე იყო.“

ოიარსაბალი: „მთავარი პენალტის ვიზუალიზაციაა – ის მომენტები, რომელთა გავლაც გიწევს, წინასწარ უნდა გქონდეს გონებაში გააზრებული და მსგავსი სიტუაციებისთვის შენი რუტინა უნდა გქონდეს შემუშავებული. გუნდის დახმარება გოლის გატანის გარეშეც რომ მომიწიოს, მაინც ზუსტად ისეთივე ბედნიერი ვიქნები. როცა ეს პასუხისმგებლობა გაკისრია და შენი ჯერი დგება, გუნდისთვის მაქსიმუმი უნდა გააკეთო. ჩვენ მოვიპოვეთ ოცნებისა და ტიტულზე ფიქრის უფლება. იმედია, 5 დღეში ამ ყველაფერს წარმატებით დავაგვირგვინებთ.“

ცნობისთვის, ფინალურ შეხვედრაში ესპანეთი არგენტინისა და ინგლისის ნაკრებებს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. მეორე ნახევარფინალი 15 ივლისს, თბილისის დროით, 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები