„არგენტინა 3-1-6 სქემით გვიტევდა, ვერ გავუძლებდით“ - ტუხელი ნახევარფინალზე
ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში არგენტინასთან (1:2) გამართულ მატჩსა და 1:0 ანგარიშის დროს მეორე ტაიმში ტაქტიკის ცვლილებაზე ისაუბრა.
„ეს ჩემი იარაა და არა თქვენი. ამით მე უნდა ვიცხოვრო. არა თქვენ. მე ვარ მთავარი მწვრთნელი და გადაწყვეტილებებს მე ვიღებ. ჩემზე მეტად არავის სტკივა. შეიძლება დაუსრულებლად იტანჯო თავი ფიქრებით: „სხვა ცვლილებები რომ გამეკეთებინა, მატჩს მოვიგებდით“. მაგრამ ამას ვეღარ გავიგებთ.
თუ უკან გავიხედავთ და გავიხსენებთ, როგორ იცვლებოდა ჩემი აღქმა სიტუაციაზე და მიღებული გადაწყვეტილებები, საკვანძო მომენტი წყლის შესვენების წინ ჩვენს კართან შექმნილი უაღრესად სახიფათო მომენტი გახდა. გავიფიქრე: „ჩვენ ვერ გავძლებთ. ეს გარდაუვალი დაღუპვის მოლოდინს ჰგავს. ბურთს ვერ ვაკონტროლებთ, ცუდად ვიცავთ თავს და 4-4-2 სქემაში დაცვას სათანადოდ ვერ ვინარჩუნებთ. დახმარება გვჭირდება“.
არგენტინამ ოთხი თავდამსხმელით დაიწყო თამაში: ორი გარემარბი, ორი ფორვარდი და მესი. მათ მოედნიდან „ექვსიანი“ გაიყვანეს და „ათიანი“ შემოიყვანეს. ცენტრალური მცველის ნაცვლად კი საყრდენი დააყენეს. დროდადრო ისინი 3-1-6 სქემით თამაშობდნენ. ჩვენ კი ძალიან გაგვიჭირდა. ამიტომ მინდოდა, ფეხბურთელებისთვის რაიმე მაინც მიმეცა.
ნორვეგიის წინააღმდეგ თამაში ხუთი მცველით დავასრულეთ. მექსიკასთან მატჩიც ხუთი მცველით დავასრულეთ. და ამან გაამართლა. ვხედავდი, რომ არგენტინა დიდ ფსონს აკეთებდა ჩაწოდებებზე, შეტევის ხაზში კი ოთხი თავდამსხმელი მოქმედებდა. ამიტომ გადავწყვიტე: „მოდით, ხუთი მცველით ვითამაშოთ“.
გუნდი 5-3-2 სქემაზე გადავაწყვე. ჩვენ თამაშის სტრუქტურა შევცვალეთ. ჩავთვალე, რომ ასე ფლანგების კონტროლს უკეთ შევძლებდით, დაცვის ცენტრში კი ჩაწოდებების შემთხვევისთვის მაინც სამი მცველი დარჩებოდა. შემდეგ 5-4-1-ზე გადავედით“.
- შეიძლებოდა თუ არა ამის ნაცვლად შეტევის გაძლიერებისკენ მიმართული ცვლილებების გაკეთება?
„რა თქმა უნდა, შეიძლებოდა. არავინ იცის, ყველაფერი როგორ განვითარდებოდა. შეგვეძლო ასე მოვქცეულიყავით და, შესაძლოა, 1:2 წაგვეგო, მერე კი მოგვესმინა: „რა, გაგიჟდა? ნორვეგიასთან მატჩი ხუთი მცველით დაასრულა. რატომ არ ითამაშა ისევ ხუთი მცველით?“.
მწვრთნელის ჩარევის არსი ისაა, რომ ცდილობ დაეხმარო. ამას საკუთარი ეგოს ან მსგავსი რამის გამო არ აკეთებ - უბრალოდ დახმარებას ცდილობ.
ჩვენი თამაში უფრო სტაბილური რომ ყოფილიყო და ბურთს უფრო ხშირად ვფლობდეთ, სტრუქტურას არ შევცვლიდი. რატომ? უბრალოდ გავაკეთებდი ცვლილებებს, რომლებიც შეტევის გაძლიერებისკენ იქნებოდა მიმართული“.
- განაცხადა ტომას ტუხელმა დოკუმენტურ ფილმში Reflections.