„შენგელიას ევროლიგის რამდენიმე კლუბი იწვევს“ - Sport
საკალათბურთო „ბარსელონამ“ ზაფხულში 9 მოთამაშე გაუშვა, გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე კი ხავი პასკუალს, უდიდესი ალბათობით, სლოვენიელი ალექსანდერ სეკულიჩი ჩაანაცვლებს.
ესპანური Sport-ის ინფორმაციით, „ბლაუგრანა“ ტომაშ სატორანსკიმ, ნიკო ლაპროვიტოლამ, მაილს კეილმა, მაილს ნორისმა, ვილი ერნანგომესმა, იან ვესელიმ, იუსუფა ფალმა, ხუანი მარკოსმა და უილ ქლაიბერნმა დატოვეს, და არაა გამორიცხული, რომ მათ რიცხვს „ბარსას“ ერთ-ერთი ლიდერი, თორნიკე შენგელიაც შეუერთდეს.
როგორც ჟურნალისტი მარკ დელ რიო საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, შენგელიას ევროლიგაზე მოასპარეზე რამდენიმე კლუბი იწვევს.
„ბარსამ“ უკვე გაიფორმა ამერიკელი გამთამაშებელი ჯასტინ რობინსონი და ფინელი მძიმე ფორვარდი ოლივიე ნკამუა. სწორედ 28 წლის ნკამუას ტრანსფერმა შესაძლოა გაუხსნას კარი თორნიკე შენგელიას, რომლის გარემოცვასაც ევროლიგის რამდენიმე კლუბისგან აქვს წინადადებები. ეს კლუბები მზად არიან, გამოისყიდონ შენგელიას კონტრაქტი (დაახლოებით მილიონი ევრო), რომლითაც ქართველი „ბარსასთან“ 2028 წლამდეა დაკავშირებული.
შენგელიას გარემოცვაში მეუბნებიან, რომ ჯერჯერობით არაფერი შეცვლილა. ქართველი ფორვარდი მოვლენების განვითარებას ელოდება და გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებს, რაც სატრანსფერო ბაზარზე „ბარსელონას“ მიერ გადადგმულ ნაბიჯებს შეაფასებს“, - წერს მარკ დელ რიო.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ თორნიკე შენგელია „დუბაის“ დაუკავშირეს, რომელიც ევროლიგაზე ასპარეზობს და გასულ სეზონში ABA League-ის გამარჯვებულიც გახდა.