ბრწყინვალე იპონი ფინალში | ლიპარტელიანი ლოზანის გრანდ სლემის ჩემპიონია
ეთერ ლიპარტელიანი ლოზანის გრანდ სლემის გამარჯვებულია. ქართველი ჯუდოკა ფინალში საფრანგეთის წარმომადგენელს, სარა-ლეონი სისიკეს დაუპირისპირდა და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა.
ძირითადი დროის დასრულებამდე 2 წუთითა და 14 წამით ადრე, ეთერმა გდება შეასრულა და სისიკე შესანიშნავი იპონით დაამარცხა. ლიპარტელიანმა ფრანგ ჯუდოკას კარიერაში მეორედ სძლია. აქამდე ეთოს სისიკეს წინააღმდეგ 10 დაპირისპირებიდან მხოლოდ ერთი ჰქონდა მოგებული.
ცნობისთვის, ლიპარტელიანმა ასპარეზობა მეორე რაუნდიდან დაიწყო და თურქმენეთის წარმომადგენელი მაისა პარდაიევა დაამარცხა. მომდევნო რაუნდში ეთერი ფინელ პილა მატიკაინენს შეხვდა და მეტოქეს 19 წამში, იპონით მოუგო.
მეოთხედფინალში ლიპარტელიანი იტალიელ ჯულია კარნას დაუპირისპირდა და იუკოთი იმარჯვა. ნახევარფინალში მისი მეტოქე ფრანგი მარტა ფავაზი გახლდათ, რომელსაც ეთერმა ასევე იუკოთი მოუგო და ფინალში გავიდა.