მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები | ESPN-ის რეიტინგში კვარაცხელია მესამეა
ESPN-მა 10 ფეხბურთელი დაასახელა, რომლებიც დღესდღეობით მსოფლიოში საუკეთესონი არიან. ამერიკული გამოცემის ტოპ 10-ში „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველი გარემარბი, ხვიჩა კვარაცხელია მოხვდა. „კვარა“ მესამე პოზიციას იკავებს და მხოლოდ ლამინ იამალსა და უსმან დემბელეს ჩამორჩება.
„კითხვაზე, „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელები როგორ უნდა შევაფასოთ, კარგი პასუხი არ გვაქვს. პსჟ ლიგა 1-ის სხვა კლუბებზე იმდენად მდიდარი და უკეთესია, რომ საფრანგეთის ჩემპიონატის სეზონს NBA-ის გუნდის მსგავსად ეპყრობა. რეგულარულ სეზონს მნიშვნელობაც კი არ აქვს — ისინი თავიანთ ვარსკვლავებს ასვენებენ და გაზაფხულზე აქტიურდებიან.
კვარამ ლიგა 1-ის გასულ სეზონში ხელმისაწვდომი წუთების მხოლოდ ნახევარი ითამაშა. მაშინ, როცა ვინისიუს ჟუნიორმა, შიდა და ევროტურნირების მატჩების გათვალისწინებით, მოედანზე თითქმის 1500 წუთით მეტი გაატარა. გარდა ამისა, პრემიერ ლიგის ნებისმიერი მატჩი ლიგა 1-ის შეხვედრაზე ბევრად რთულია, „მანჩესტერ სიტისა“ და „არსენალის“ მოთამაშეებს შიდა ჩემპიონატში პრაქტიკულად არ დაუსვენიათ, რადგან საჩემპიონო რბოლაში იყვნენ ჩართულნი.
და მაინც, შეზღუდული წუთების მიუხედავად, ქართველი გარემარბი შეტევითი სტატისტიკის რეიტინგებში ტოპ 10-ში იმყოფება. პლუს, „პარი სენ-ჟერმენის“ მსოფლიოს საუკეთესო გუნდად გარდაქმნა კვარაცხელიას „ნაპოლიდან“ ტრანსფერს პირდაპირ ემთხვევა.
ხვიჩა სრულყოფილ გარემარბთან ძალიან ახლოსაა: ფიზიკურად ძლიერი მანქანა, რომელიც უბურთოდ ბოლომდე იხარჯება და მეტოქე გუნდის განაპირა მცველებს ცხოვრებას უმწარებს. როდესაც კვარაცხელია შენს გუნდშია, შეგიძლია, ისე ითამაშო, როგორც გინდა; ჩვენ ვნახეთ, როგორ მიიყვანა მან „ნაპოლი“ ტიტულამდე და როგორ აიყვანა პსჟ მწვერვალზე. რა თქმა უნდა, მას „პარი სენ-ჟერმენის“ განრიგი დაეხმარა, თუმცა გამორიცხულია, პარიზელებმა ის რომელიმე სხვა ფეხბურთელში გაცვალონ“, — წერს ESPN.
ESPN-ის რეიტინგი ასე გამოიყურება: 1) უსმან დემბელე, 2) ლამინ იამალი, 3) ხვიჩა კვარაცხელია, 4) ჰარი კეინი, 5) მაიკლ ოლისე, 6) ერლინგ ჰოლანდი, 7) კილიან მბაპე, 8) ხულიან ალვარესი, 9) ვინისიუს ჟუნიორი, 10) დეკლან რაისი.