„საქართველო უკეთესი გუნდი იყო“ | მონტენეგროს ნაკრების მწვრთნელის კომენტარი
მონტენეგროს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ზვეზდან მიტროვიჩმა მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია გამართა. მიტროვიჩს იოვან კლიაიჩი ახლდა და მათ საქართველოსთან 74:101 წაგებული შეხვედრა შეაფასეს.
„რთული მატჩი იყო. საქართველოს საშინაო კედლების უპირატესობა ჰქონდა და დაამტკიცა, რომ სურს, ტოპ 3 გუნდს შორის იყოს. ჩვენზე მეტი ენერგია ჰქონდათ და ეს განსაკუთრებით ბოლო მეოთხედში გამოჩნდა. მეორე ტაიმში მათ უფრო მეტი ძალისხმევა გაიღეს და განსხვავება შექმნეს“, — განაცხადა კლიაიჩმა.
„პირველ რიგში, საქართველოს ნაკრებსა და ჩემს მეგობარს, ალექსანდრ ჯიკიჩს გამარჯვებას ვულოცავ. ვფიქრობ, დღეს მათ კარგი სამუშაო გასწიეს, გამარჯვებას ნამდვილად იმსახურებდნენ და თბილისში ძალიან კარგი ატმოსფერო იყო.
რაც შეეხება მატჩს, სამი მეოთხედი ვიბრძოლეთ, მაგრამ ბოლო მომენტში რაღაც გვაკლდებოდა: შეტევაში მოხსნა, სამქულიანი და ა.შ. საქართველო თამაშს აკონტროლებდა, უკეთესი გუნდი იყო და გამარჯვება დაიმსახურა. ეს მატჩი ჩვენთვის საოცარი გამოცდილებაა. იცით, ჩემს განკარგულებაში მყოფი კალათბურთელები სად თამაშობენ, როცა საქართველოს NBA-ის კალათბურთელები და ევროლიგის საუკეთესო მძიმე ფორვარდი ჰყავს. ეს მატჩი ჩვენთვის ძალიან კარგი გამოცდილებაა. ეს ჩვენთვის დიდი პლუსია და იმედი მაქვს, ჩემი მოთამაშეები ბევრს ისწავლიან.
პორტუგალია თუ საქართველო? საქართველო საერთოდ სხვა დონეა. პორტუგალიამ ჩვენ წინააღმდეგ NBA-ის კალათბურთელის გარეშე ითამაშა. საქართველოს NBA-ის კალათბურთელის გარეშე რომ ეთამაშა, შეიძლებოდა, ყველაფერი სხვანაირად წარმართულიყო. მონტენეგროს NBA-ში და ევროლიგაში არავინ ჰყავს, ევროთასზე, მგონი, ერთი კალათბურთელი გვყავს და ეს ძალიან კარგი გამოცდილებაა. საბერძნეთს მოვუგეთ, მაგრამ მათ „ოლიმპიაკოსისა“ და „პანათინაიკოსის“ მოთამაშეები არ ჰყავდათ. ეს სერიოზული პრობლემაა გუნდებისთვის, რომლებსაც NBA-სა და ევროლიგაში კალათბურთელები ჰყავთ“.
ცნობისთვის, მონტენეგროს დამარცხების შემდეგ საქართველოს 4 მოგება და 3 წაგება აქვს. ჩვენი გუნდი მომდევნო შეხვედრას 31 აგვისტოს, პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.