პორტუგალიამ ესპანეთი სტუმრად დაამარცხა | დიდი სენსაცია და დაძაბულობა ჩვენს ჯგუფში
საკალათბურთო მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდის I ჯგუფში ვითარება უკიდურესად დაიძაბა. ეს პორტუგალიის ნაკრების დამსახურებაა, რომელმაც უდიდესი სენსაცია შემოგვთავაზა და ესპანეთი სტუმრად დაამარცხა — 95:89.
გამარჯვებულის ვინაობა ბოლო მეოთხედში გაირკვა. გადამწყვეტ პერიოდს გუნდები თანაბარი ანგარიშით შეხვდნენ — 71:71. პორტუგალიამ მეოთხედი 11:2 გაქცევით დაიწყო და საქმე სასურველ შედეგამდე მიიყვანა.
პორტუგალიისა და ესპანეთის მატჩამდე უკრაინისა და საბერძნეთის დაპირისპირება გაიმართა. ბერძნებმა ზედიზედ მესამე შეხვედრა წააგეს და უკრაინასთან ექვსი ქულით, 76:82 დამარცხდნენ. 31 აგვისტოს საბერძნეთს მნიშვნელოვანი თამაში ელოდება და ესპანეთს შეხვდება.
ამ მომენტისთვის, სატურნირო ცხრილის ლიდერები უკრაინა და ესპანეთი არიან. მათ 5-5 მოგება და 2-2 მარცხი აქვთ. მესამე, მეოთხე და მეხუთე ადგილებს მონტენეგრო, საქართველო და პორტუგალია იკავებენ — 4 მოგება, 3 წაგება. საბერძნეთი ბოლო პოზიციაზეა — 3 მოგება, 4 წაგება.
შეგახსენებთ, რომ ალექსანდრ ჯიკიჩის გუნდის მომდევნო მეტოქე სწორედ პორტუგალიაა. საქართველო 31 აგვისტოს სტუმრად ითამაშებს და მატჩი თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება. 6-გუნდიანი ჯგუფიდან მსოფლიოზე სამი საუკეთესო ნაკრები გადის.