ხავიერ ტებასი
Aa
Aa

„მხოლოდ ყეფა იციან“ | ხავიერ ტებასი რეალის განცხადებას გამოეხმაურა

ლა ლიგის პრეზიდენტმა და ესპანეთის სამეფო ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა „რეალის“ განცხადებას უპასუხა. „სამეფო კლუბმა“ მისი დაუყოვნებლივი გადადგომა მოითხოვა, ტებასი კი „ბლანკოსის“ განცხადებას გამოეხმაურა.

„არ ვიცი, ბოლო 13 წლის განმავლობაში „რეალმა“ ჩემი გადადგომა რამდენჯერ მოითხოვა. საჩივრები ესპანეთის სპორტის საბჭოში, სისხლისსამართლებრივი სარჩელები... ის, რაც დღეს მოხდა, უბრალოდ კიდევ ერთი მაგალითია.

ჩემი თანამდებობა დამოუკიდებლობასა და უსამართლობის წინააღმდეგ მოქმედებას მოითხოვს, განსაკუთრებით „რეალის“ ტელევიზიის მუდმივი, გადაჭარბებული და შეურაცხმყოფელი თავდასხმების ფონზე, რომლის წარმომადგენლებმაც მხოლოდ ჩვენი ჩემპიონატის კრიტიკა იციან.

2024 წლის 24 ნოემბერს, როდესაც ფლორენტინო პერესს „ბარსელონასთან“ ურთიერთობის გაწყვეტის შესახებ ჰკითხეს, მან უპასუხა: „„ბარსელონა“ და „რეალი“ ერთმანეთს უნდა დაეხმარონ“. რა შეიცვალა? რატომ ემთხვევა ეს ესკალაცია „ბარსელონას“ მიერ სუპერლიგის პროექტის მიტოვებას? შეიცვალა ფაქტების სიმძიმე თუ შეიცვალა მათი ინტერესები? თუ ასე დარწმუნებული არიან, რომ გადახდების დასრულებიდან რვა წლის შემდეგაც ნეგრეირა მსაჯებზე გავლენას ახდენს, მტკიცებულებები ხომ უნდა ჰქონდეთ? რა მტკიცებულებები აქვთ თითოეული მათგანის წინააღმდეგ? კონკრეტული ადამიანების დადანაშაულება სამხილების გარეშე უკიდურესად მძიმე ფაქტია და უდიდეს უპასუხისმგებლობაზე მეტყველებს.

არ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც „რეალის“ ხელმძღვანელებს სურთ. „რეალი“ ლა ლიგის განადგურებას ცდილობს. რაც სუპერლიგით ვერ გააკეთეს, ახლა იმის მიღწევას ცდილობენ დამახინჯებული ისტორიით, რომელსაც ავრცელებენ მათი მედიასაშუალებები და სპიკერები, რომლებმაც მხოლოდ ყეფა იციან. ისინი ამას რეფორმასა და განახლებას უწოდებენ, იმ დროს, როდესაც თავს ესხმიან იმავე ჩემპიონატის რეპუტაციას, რომელშიც თვითონ მონაწილეობენ.

განაგრძეთ ჩემი გადადგომის, თანამდებობიდან გადაყენების ან თუნდაც ჩემი სოციალური „სიკვდილის“ მოთხოვნა. მე ეს მეთოდები ძალიან კარგად ვიცი. ასევე მახსოვს ეს სიტყვები: „მე შენ წინააღმდეგ „რეალის“ ყველა ქომაგს ავამხედრებ და ქუჩაში სიარულს ვერ შეძლებ“. შეწყვიტეთ ადამიანების სამიზნეში ამოღება. შეწყვიტეთ თქვენი ხელმძღვანელობის კრიტიკის აღრევა კლუბსა და მის გულშემატკივრებზე თავდასხმასთან“.

შეგახსენებთ, რომ ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ტებასმა განაცხადა, რომ „სამეფო კლუბის“ ტელევიზიის მეთოდები ნაცისტური გერმანიის პროპაგანდისტის, იოზეფ გებელსის მეთოდებს ახსენებს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    როტაცია, სტრასბურგთან მატჩი და ლიგა 1-ის დონე | ლუის ენრიკეს პრესკონფერენცია
    როტაცია, სტრასბურგთან მატჩი და ლიგა 1-ის დონე | ლუის ენრიკეს პრესკონფერენცია