ახალი სკანდალი ესპანურ ფეხბურთში | რეალმა ხავიერ ტებასის გადადგომა მოითხოვა
ესპანურ ფეხბურთში ახალი სკანდალი აგორდა, რომლის მოქმედი პირებიც ლა ლიგის პრეზიდენტი, ხავიერ ტებასი და მადრიდის „რეალი“ არიან. ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც ტებასმა განაცხადა, რომ „სამეფო კლუბის“ ტელევიზიის მეთოდები ნაცისტური გერმანიის პროპაგანდისტის, იოზეფ გებელსის მეთოდებს ახსენებს.
„„რეალის“ ლიდერები სპიკერების ორკესტრს დირიჟორობენ, რომელშიც მთავარი როლი „რეალის“ ტელევიზიას უკავია. მათი პარტიტურა ყოველთვის ერთნაირია: შეარჩიონ ის მომენტები, რომლებსაც მნიშვნელობა აქვს, გააღვივონ უკმაყოფილება, გააჩინონ ეჭვები და შექმნან მტრები. ეს მეთოდი მოგვაგონებს პროპაგანდის იმ მექანიზმებს, რომლებსაც ნაცისტური გერმანიის მინისტრი გებელსი იყენებდა: რეგულარული გამეორებები, მტრის ხატის შექმნა და ფაქტების ნარატივზე მიბმა.
„რეალის“ ტელევიზია ამ მექანიზმის ცენტრალური ნაწილია. სადაა თითოეული ტურის თამაშების სრული ანალიზი? სადაა ის შესაძლო შეცდომები, რომლებიც სხვა კლუბებს აზარალებენ ან რომლებიც „რეალის“ წისქვილზე ასხამენ წყალს? ყველა თამაშის ანალიზი ერთნაირად რომ მოახდინონ, შესაძლოა, სცენარი გაუნადგურდეთ. მათი სცენარი მოითხოვს, რომ „რეალი“ ყოველთვის მსხვერპლად გამოჩნდეს. ეს შედარება ეხება პროპაგანდის ამ ტექნიკას და არა იდეოლოგიას ან, რა თქმა უნდა, „რეალის“ გულშემატკივრებს“, — განაცხადა ტებასმა.
ტებასის სიტყვებს „სამეფო კლუბი“ ოფიციალური მიმართვით გამოეხმაურა:
„რეალი“ სრულიად მიუღებლად და უკიდურესად მძიმე ფაქტად მიიჩნევს იმას, რომ ესპანურ ფეხბურთში ორი უმაღლესი საპასუხისმგებლო პოსტის დამკავებელი პირი კლუბის მეთოდების ნაცისტური რეჟიმის მეთოდებთან შედარებას კლუბის, მისი ხელმძღვანელობისა და მისი ტელეარხის დისკრედიტაციის მიზნით მიმართავს. დაზუსტება იმის შესახებ, რომ ის არ გულისხმობს ნაცისტურ იდეოლოგიას, არ ამცირებს მისი განცხადებების ღრმად შეურაცხმყოფელ, მორალურად ამაზრზენ და ინსტიტუციურად უღირს ხასიათს.
ეს განცხადებები „რეალის“, მისი პრეზიდენტისა და კლუბის მედიასაშუალებების წინააღმდეგ განხორციელებული განმეორებითი თავდასხმების კიდევ ერთ ეპიზოდს წარმოადგენს. მიუღებელია, რომ ის კლუბის მიღმა მყოფი ჟურნალისტების შეკითხვებს, ინფორმაციას თუ მოსაზრებებსაც იყენებს ჩვენს წინააღმდეგ დამამცირებელი შენიშვნების მიმართვისთვის და გვაკისრებს პასუხისმგებლობას მესამე პირების ქმედებებზე, რომლებზეც არანაირი პასუხისმგებლობა არ გვეკისრება.
განსაკუთრებით მძიმეა, რომ ტებასი ამ განცხადებებს „ნეგრეირას საქმესთან“ მიმართებით იყენებს, რათა „რეალისა“ და „რეალის“ ტელევიზიის ლეგიტიმური ქმედებები ეჭვქვეშ დააყენოს. იმ ორ ინსტიტუციაში, რომლებშიც ხავიერ ტებასს უმნიშვნელოვანესი თანამდებობები უკავია, „ნეგრეირას საქმის“ უკიდურეს სიმძიმეზე რეაგირების არარსებობის გამო, ჩვენს კლუბს პირდაპირ უეფასთვის მოუწია მიმართვა, რათა სრული გამოძიება მოეთხოვა იმ გადახდების შესახებ, რომლებსაც „ბარსელონა“ მსაჯთა ტექნიკური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტის სასარგებლოდ წლების განმავლობაში ახორციელებდა.
ხავიერ ტებასის განმეორებითი ქმედებები ადასტურებს, რომ ის ნეიტრალური არ არის, ჩვენი კლუბისადმი პატივისცემით არ გამოირჩევა და არ შეუძლია, სტატუსის შესაბამისი პასუხისმგებლობები აიღოს. მისი შეტევები „რეალზე“ და მათზე, ვინც გამჭვირვალობასა და რეფორმას ითხოვს, ესპანური ფეხბურთისთვის ნამდვილი დაავადებაა.
ამ მიზეზებიდან გამომდინარე, „რეალს“ მიაჩნია, რომ ტებასის განმეორებითი განცხადებები და ქმედებები მიუღებელია ნებისმიერი ევროპული ინსტიტუტისთვის, რომელიც პატივისცემის, ნეიტრალიტეტისა და პატიოსნების პრინციპებით იმართება. ამ ყველაფრის გამო, „რეალი“ ტებასის დაუყოვნებლივ გადადგომას მოითხოვს ლა ლიგის პრეზიდენტისა და ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის პოსტიდან. „რეალი“ გააგრძელებს საკუთარი უფლებებისა და პრესტიჟის დაცვას და ყველაფერს გააკეთებს, რათა „ნეგრეირას საქმეს“ ნათელი მოეფინოს და ესპანური ფეხბურთი საჭიროებისამებრ შეიცვალოს.
ცნობისთვის, ტებასი ლა ლიგის პრეზიდენტის პოსტზე 2013 წელს დაინიშნა და მის კანდიდატურას 42-დან 32-მა კლუბმა დაუჭირა მხარი.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს