გოგა ბითაძე, თორნიკე შენგელია, სანდრო მამუკელაშვილი, მარკის რიდი, ალექსანდრე მერკვილაძე
Aa
Aa

101 ქულა და გამარჯვება 27 ქულით | საქართველომ მონტენეგროს შანსი არ დაუტოვა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდის შეხვედრა გამართა. ალექსანდრ ჯიკიჩის გუნდი მონტენეგროს თბილისში დაუპირისპირდა და მეტოქე 101:74 დაამარცხა.

მატჩი ქართველთა უპირატესობით დაიწყო და გოგა ბითაძისა და რატი ანდრონიკაშვილის ქულების წყალობით, ჩვენი გუნდი 14:6 დაწინაურდა. მასპინძლები კიდევ 7:0 გაიქცნენ და ანგარიში 21:6 გახდა, რის შემდეგაც მონტენეგრომ ჩამორჩენა 6 ქულამდე დაიყვანა. ჯიკიჩის ბიჭებმა მეტოქეს სათანადოდ უპასუხეს და პირველი მეოთხედი 27:17 მოიგეს.

მეორე ათწუთეული საქართველოს ნაკრების კარნახით დაიწყო. დუდა სანაძის სამქულიანის შემდეგ 15 ქულით დავწინაურდით და მონტენეგრომ წუთშესვენება აიღო. პარკეტზე დაბრუნების შემდეგ უპირატესობა 17 ქულამდე გაიზარდა, რის შემდეგაც სტუმრებს აშკარად უკეთესი პერიოდი ჰქონდათ.

მონტენეგრომ იმდენი მოახერხა, რომ ჩამორჩენა 4 ქულამდე დაიყვანა და ჯიკიჩს ტაიმაუტის აღება აიძულა — 37:33. დარჩენილი დრო ქულა-ქულაში წარიმართა, სირენამდე 7 წამით ადრე კი თორნიკე შენგელიამ 2-დან 1 საჯარიმო გამოიყენა, შეტევაში მოხსნილი ბურთის შემდეგ კი სამქულიანი ჩააგდო და პირველი ტაიმი ქართველებმა 48:42 მოიგეს.

მესამე მეოთხედში საქართველოს ნაკრების რიგებში შენგელია და ბითაძე იყვნენ გამორჩეული. თოკოს კარგი თამაშის წყალობით, წინ 10 ქულით გავედით, რასაც მეტოქის 5-ქულიანი გაქცევა მოჰყვა. შენგელიას შემდეგ, ლიდერობა საკუთარ თავზე ბითაძემ აიღო და გადამწყვეტი პერიოდის დაწყებამდე, 10 ქულით ვიგებდით — 77:67.

მეოთხე მეოთხედი ალექსანდრე მერკვილაძის ეფექტური ჩატენვითა და სანდრო მამუკელაშვილის სამქულიანით დაიწყო — 82:70. საფინალო სირენამდე 4 წუთითა და 21 წამით ადრე, 18-ქულიანი უპირატესობა მოვიპოვეთ და მეტოქეს დაბრუნების შანსი აღარ მივეცით. ბოლო მეოთხედი 24:7 მოვიგეთ და საბოლოოდ, 27 ქულით, 101:74 ვიმარჯვეთ.

საქართველოს ნაკრების რიგებში საუკეთესო თორნიკე შენგელია იყო — 24 ქულა, 7 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა. გოგა ბითაძემ 23 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა. სანდრო მამუკელაშვილმა 17 ქულა დააგროვა, მარკის რიდმა მატჩი 12 ქულით დაასრულა. რატი ანდრონიკაშვილმა 9 ქულა გააკეთა, ალექსანდრე მერკვილაძემ — 6.

ცნობისთვის, საქართველოს 4 მოგება და 3 წაგება აქვს და მომდევნო შეხვედრას 31 აგვისტოს გამართვს. ჯიკიჩის გუნდი პორტუგალიაში ჩავა და თბილისის დროით, 22:00-ზე მასპინძელთა ნაკრებს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები | ESPN-ის რეიტინგში კვარაცხელია მესამეა
მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები | ESPN-ის რეიტინგში კვარაცხელია მესამეა