„დამიჯერეთ, ამ გუნდს მეტი შეუძლია“ | ჯიკიჩისა და შენგელიას კომენტარები
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ალექსანდრ ჯიკიჩმა და კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ პრესკონფერენცია გამართეს. მათ მონტენეგროსთან გამართული მატჩი შეაფასეს, რომელიც საქართველომ 101:74 მოიგო.
„რთული შეხვედრა იყო. მატჩის დასაწყისში დავწინაურდით, მაგრამ მათ ბოლომდე იბრძოლეს. მეორე ტაიმი კონცენტრირებულებმა დავიწყეთ და უპირატესობის გასაზრდელად საჭირო გეგმა გვქონდა. ეს გავაკეთეთ და მეტოქეს დაწევის საშუალება არ მივეცით. დაცვაში აგრესიულობის მხრივ მოვუმატეთ, შეტევაში ბურთს ვანაწილებდით და როდესაც ამას ვაკეთებთ, კარგი რაღაცები ხდება.
ერთადერთი, რაზეც ყურადღება უნდა გადავიტანოთ, ჩვენი თამაშია. სხვა გუნდების შედეგები არ გვაინტერესებს. ბევრი თამაშია დარჩენილი და არავინ იცის, რა მოხდება. დღეს არაფერი გადაწყდება. 100 პროცენტით საკუთარ თავზე ვართ ორიენტირებული.
პორტუგალიასთან მატჩი? პორტუგალიასთან სტუმრად თამაში მარტივი არასდროსაა. გვახსოვს ორი ოვერტაიმი და ნამდვილ ომსა და ძალისმიერ კალათბურთს ველოდებით. ვიცით, რომ დარბაზი სავსე იქნება და საოცარი ატმოსფერო დაგხვდება. ნათელი მიზნით უნდა ჩავიდეთ და ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ეს ფანჯარა 2:0-ზე ჩავხუროთ“, — განაცხადა შენგელიამ.
„პირველ რიგში, ქართულად ვიტყვი: „გილოცავთ მარიამობას“. რაც შეეხება მატჩს, ანგარიში 101:74 იყო, მაგრამ ძალიან, ძალიან, ძალიან რთული შეხვედრა გახლდათ. მონტენეგრო ძალიან ძალისმიერი გუნდია, რომელიც არასდროს ნებდება. მონტენეგრო იმ განწყობით არ გამოსულა, თითქოს ჩვენ წინააღმდეგ ვერ ითამაშებდა და მაქსიმუმი გააკეთეს. შეგვიძლია უკეთ თამაში? ვფიქრობ, რომ კი.
27-ქულიანი განსხვავების შემდეგ შეიძლება იფიქროთ, ეს კაცი რა ჯანდაბას ლაპარაკობსო, თუმცა დამიჯერეთ, ამ გუნდს მეტი შეუძლია. ეს იყო თამაში, რომელშიც საქართველოს 23 ასისტი და 3 დაკარგვა ჰქონდა. ამაზე ბედნიერი უბრალოდ ვერ ვიქნები. ეს საოცარი სტატისტიკაა.
როგორც დაინახეთ, როტაცია შევამოკლე, რადგან ჩავთვალე, რომ ასეთი სტილის თამაში იყო. პორტუგალიასთანაც რთული შეხვედრა გვექნება. ისინი უაღრესად აგრესიულები იქნებიან და NBA-ის კალათბურთელიც ეყოლებათ.
არ ვარ იმ ბიზნესში, რომ შედეგები ვიწინასწარმეტყველო. ერთი რამ ვიცი: მათ წინააღმდეგ გვითამაშია და სუპერ რთულ შეხვედრას ველოდები. რატომ? როგორც დუდა სანაძემ განაცხადა, ჩვენთვის ყველა მატჩი სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. როგორღაც ვახერხებთ და ვსწავლობთ ამასთან ერთად ვიცხოვროთ, რაც მარტივი ნამდვილად არ არის“, — აღნიშნა ჯიკიჩმა.
ცნობისთვის, მონტენეგროს დამარცხების შემდეგ საქართველოს 4 მოგება და 3 წაგება აქვს. ჩვენი გუნდი მომდევნო შეხვედრას 31 აგვისტოს, პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.