„წინა მატჩთან შედარებით თამაში გავაუმჯობესეთ“ | ლუის ენრიკეს შეფასება
ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ წაგებას სასწაულებრივად გადაურჩა. 90-ე წუთზე პსჟ „ლილთან“ 0:2-ს აგებდა და შეხვედრის მთავარმა არბიტრმა ძირითად დროს 3 წუთი დაამატა. პირველ კომპენსირებულ წუთზე ვიტინიამ ბრწყინვალე გოლი გაიტანა, ოთხ წუთში კი პარიზულ გრანდს ქულა მარკინიოსმა გადაურჩინა — 2:2.
მატჩის შემდეგ „პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ საკუთარი გუნდის გამოსვლა შეაფასა:
„ბედნიერი ვარ. ვფიქრობ, წინა შეხვედრასთან შედარებით უკეთ ვითამაშეთ. რომ წაგვეგო, იმავე განცხადებას გავაკეთებდი. ჩემი აზრით, სამართლიანი შედეგი დაფიქსირდა. „ლილმა“ ძალიან კარგად ითამაშა და მათ საშინაო არენაზე ასპარეზობა მარტივი არასდროსაა, თუმცა მიმაჩნია, რომ ბოლო მატჩთან შედარებით ჩვენი თამაში გავაუმჯობესეთ. ნაკლები შეცდომა დავუშვით და საბოლოო ჯამში შედეგი პოზიტიურია, რადგან მატჩის მიწურულს გოლების გატანას ვცდილობდით.
იცით, გასულ სეზონში „რენთან“ და „ლილთან“ რამდენი ქულა ავიღეთ? ერთი! ასე რომ, ეს ძალიან პოზიტიურია! ამ მატჩით აშკარაა, რომ ყოველთვის მოგებას ვდილობთ, თუმცა ძალიან კარგი სამწვრთნელო შტაბის მქონე გუნდის წინააღმდეგ, რომელიც ძალიან კარგად თამაშობს, ეს ვერ შევძელით. ძალიან კარგი პირველი ნახევარი გვქონდა; სამი ან ოთხი მომენტი შევქმენით. ჩვენს საუკეთესო ფორმას რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავუბრუნდეთ. იმით, რაც ვნახე, კმაყოფილი ვარ. აშკარაა, რომ ჩვენს საუკეთესო ფორმაში არ ვართ. სეზონის ამ ეტაპზე 100%-ით მზადყოფნა სახიფათოც კი იქნებოდა.
როგორც აღვნიშნე, ახლა საუკეთესო ფორმაში არ ვართ და კიდევ უფრო მეტი მომენტის შექმნა გვჭირდება, ეს კი რთული იყო, რადგან „ლილი“ დაცვაში კარგად თამაშობს, განსაკუთრებით დაბალი ბლოკით. შეტევების დაგვირგვინების მხრივაც მოსამატებელი გვაქვს და კმაყოფილი ვარ იმ მოთამაშეებით, რომლებიც შეცვლაზე შემოვიდნენ, რადგან მათ თავიანთი წუთები მაქსიმალურად გამოიყენეს”.
ცნობისთვის, „პარი სენ-ჟერმენს“ ორი ტურის შემდეგ 2 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მეექვსე პოზიციას იკავებს. პარიზელების მომდევნო მეტოქე „მონაკოა“, რომელსაც 4 სექტემბერს დაუპირისპირდებიან. მატჩი თბილისის დროით 23:05 საათზე დაიწყება.