ჟოზე მოურინიო, მადრიდის რეალი
Aa
Aa

პირველი დანიშვნა გარდამტეხი იყო - რას უნდა ელოდოს რეალი მოურინიოსგან

„ის ძალიან მშვიდია. ძალიან მოდუნებული.“ — ეს არის ფრაზა, რომელსაც მოურინიოს გარემოცვა ყველაზე ხშირად იმეორებდა იმ მატჩის წინ, რომელიც შესაძლოა ერთი ეპოქის დასასრული და მეორის დასაწყისი გახდეს.

მისი ბენფიკა მეორე ადგილისთვის იბრძოდა, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შესაძლებლობას იძლევა, მაშინ როცა მოედნის მიღმა ჟოზეს მომავალზე ხმები სულ უფრო ძლიერდებოდა. შეთანხმება ჯერ ოფიციალურად გაფორმებული არ არის, თუმცა მოლაპარაკებები წინ მიიწევს და გარიგება დასრულებასთან ახლოსაა.

მოურინიოს გარემოცვა არაფერს ადასტურებს, თუმცა აღიარებს, რომ დაბრუნება რეალური ვარიანტია. დაბრუნება, რომელიც არბელოასაც მოეწონებოდა: „მოურინიო ნომერ პირველია. თუ ის დაბრუნდება, ძალიან ბედნიერი ვიქნები.“

ბოლო კვირებში არსებული დაძაბულობის გამო მოურინიო მთლიანად აწმყოზე იყო კონცენტრირებული:

„როგორც კი ამ გადამწყვეტ ფაზაში შევედით, გადავწყვიტე, არავისთვის მომესმინა და ჩემს სამუშაო სივრცეში იზოლირებული ვყოფილიყავი.

„მართალია, ფლორენტინოსთან ან კლუბის სხვა წარმომადგენელთან პირადად არ მისაუბრია, მაგრამ სულელი არ ვარ… კლუბსა და ჟორჟე მენდეშს შორის კონტაქტები იყო. ვფიქრობ, მომავალ კვირაში ეს ჩემთან პირდაპირ კომუნიკაციაში გადაიზრდება.“

თუმცა მოურინიოსთვის მხოლოდ ფულის საკითხი არ არის:

„ყველაფერი შეთავაზებაზე და იმაზეა დამოკიდებული, რას ელიან ჩემგან. საქმე მეტ ან ნაკლებ ფულში არაა — მნიშვნელოვანია, რა სურთ ჩემგან, შემიძლია თუ არა იმ მოთხოვნების დაკმაყოფილება და რა სამუშაო პროფილს მთავაზობენ.“

მისი პირველი პერიოდი მადრიდულ გრანდში კლუბისთვის გარდამტეხი იყო — გუნდის კონკურენტუნარიანობა აღადგინა და მომავალი ევროპული დომინაციის საფუძველი შექმნა. ახლა კი კონტექსტი ისევ კრიზისულია: დაძაბული გასახდელი, მყისიერი რეაქციის საჭიროება და მოურინიოს სახელი, როგორც სწრაფი ეფექტის მქონე გამოსავალი.

სხვა სიტყვებით — საგანგებო გამოსავალი საგანგებო დროისთვის..

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები