მილანი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, მასიმილიანო ალეგრი
Aa
Aa

დაპირისპირება ზლატანსა და ალეგრის შორის - მილანის პროექტი ჩაშლის ზღვარზეა

ბოლო რამდენიმე თვეა იტალიური მედია აქტიურად მიუთითებს მასიმილიანო ალგერისა და ზლატან იბრაჰიმოვიჩს შორის გაჩენილ კონფლიქტზე.

ამასთან დაკავშირებით, იტალიელმა სპეციალისტმა დუმილი დაარღვია. ალეგრიმ დაძაბულობის მასშტაბი შეამცირა, თუმცა აღიარა, რომ თუ მილანი ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავა, ეს ნამდვილი კატასტროფა იქნება.

„ყოველთვის პროფესიული ურთიერთობა მაქვს დირექტორებთან და მფლობელებთან,“ — თქვა ალეგრიმ პრესკონფერენციაზე. „შეხვედრებზე ყოველთვის არის აზრთა სხვადასხვაობა — ზოგჯერ ეთანხმები, ზოგჯერ არა. მაგრამ ახლა მთელი ენერგია დღევანდელ მატჩზე უნდა გადავიტანოთ.“

მან დაამატა: „ნებისმიერ ორგანიზაციაში იქნება დისკუსია — ერთი რაღაცას თეთრად ხედავს, მეორე შავად, მესამე წითლად. მთავარი ისაა, რომ ყველამ კომპანიის ინტერესებისთვის იმუშაოს. ამაზე ბევრად მძიმე კამათებიც მქონია, მაგრამ არსებითი ისაა, რომ ერთი მიმართულებით მივდივართ.“

ბოლო დღეებში ვრცელდებოდა ცნობები, რომ კლუბის შიგნით ბანაკები ჩამოყალიბდა — იბრაჰიმოვიჩი და აღმასრულებელი დირექტორი ჯორჯო ფურლანი ერთ მხარეს, ხოლო ალეგრი და სპორტული დირექტორი იგლი ტარე მეორეზე.

იგლი ტარეზე საუბრისას ალეგრიმ თქვა: „ტარე კარგ საქმეს აკეთებს, თავიდანვე კარგი ურთიერთგაგება გვქონდა. პროფესიონალია და კარგად მომზადებული. სეზონის ბოლოს პასუხისმგებლობა ყველას ეკისრება.“

RedBird Capital Partners-ის მფლობელი ჯერი კარდინალეც უკვე ღიად ამბობდა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გასვლა პროექტის მარცხი იქნებოდა, რასაც ალეგრიც დაეთანხმა:

„მილანში ნორმალურია, რომ მაქსიმუმისთვის უნდა იბრძოლო. კარდინალეს სიტყვები მომეწონა. ცოტა ხნის წინ ვესაუბრე, ჩემი ხედვა გავუზიარე ამ სეზონზე და მილანის მომავალზე. მილანი ყველაფერზე მაღლა დგას. ჩვენ კი უბრალოდ დროებით აქ ვართ.“

შეგახსენებთ, რომ დღეს მილანი ჯენოას დაუპირისპირდება. სატურნირო ცხრილში როსონერის და რომას 67-67 ქულა აქვთ, თუმცა მე-4 ადგილს მილანი იკავებს. თავის მხრივ რომა ლაციოს უმასპინძლებს. სერია ა-ს დასრულებამდე 2 ტურია დარჩენილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები