კასანო: მუნდიალი რომ არა ოქროს ბურთს იმსახურებს - კვარას ყველაფერი შეუძლია
ანტონიო კასანომ Twitch-ის პოდკასტში „Viva el Futbol“, სადაც მისი თანაწამყვანები დანიელე ადანი და ნიკოლა ვენტოლა არიან, რაფაელ ლეაუ კიდევ ერთხელ მკაცრად გააკრიტიკა. ამ კონტექსტში მან ხვიჩა კვარაცხელია ახსენა და ის უმაღლესი დონის, შედეგიანი მოთამაშის მაგალითად მოიყვანა.
„ამ მომენტში რომ მომიწიოს არჩევანის გაკეთება კვარასა და ლუკმანს შორის, თვალდახუჭული ავირჩევდი ნებისმიერს, რადგან ორივე მათგანი შედეგიანობის დიდ გარანტიას მომცემდა. მაგრამ თუ მაინცდამაინც მცირე უპირატესობა უნდა მივანიჭო ერთ-ერთს, მაშინ ჩემს ხმას კვარას მივცემდი, რადგან ყველას ნამდვილად არ შეუძლია იმის გაკეთება, რაც მან სერია A-ში თავის პირველივე წელს შეძლო”.
ამის შემდეგ კასანომ თავის თანაწამყვანებს მიმართა და კვარაცხელიასა და ლუკმანის მაგალითი ლეაუს საპირწონედ გამოიყენა:
„ახლა კი თქვენ ორს გეკითხებით (მიმართავს ადანის და ვენტოლას), რომლებიც „მილანში მყოფი გენიოსის (ლეაუს) დიდი თაყვანისმცემლები ხართ. მითხარით, თქვენი აზრით, ვინ უფრო ძლიერია? მოთამაშე, რომელიც საქმით, ყოველგვარი ინტერვიუების, ზედმეტი სცენების და კეპის ტრიალის გარეშე, მოედანზე განსხვავებას ქმნის.
როცა ვამბობდი, რომ კვარა ლეაუზე ბევრად, ბევრად ძლიერი იყო, ხალხი მეწინააღმდეგებოდა. დღეს უკვე ლუის ენრიკეც ამბობს, რომ ის ერთ-ერთია, ვინც ოქროს ბურთი უნდა მოიგოს. მსოფლიო ჩემპიონატი რომ არ გვიახლოვდებოდეს, ამ ჯილდოს პირდაპირ მას გადავცემდი. თანაც იმის გამო, რასაც ის აკეთებს - არა ტულუზასთან, კიევოსთან ან სან-მარტინეზესთან... არა. უბრალოდ შეხედეთ, რას აკეთებს მერვედფინალში, მეოთხედფინალში და ნახევარფინალში! ფიზიკური ძალა, დრიბლინგი, გოლების გატანა - მას ყველაფერი შეუძლია. დღესდღეობით, ლუის დიასთან ერთად, ის ალბათ საუკეთესო მარცხენა გარემარბია მსოფლიოში. როცა ვამბობდი, რომ უმაღლესი დონის ფეხბურთელი იყო, არავის სჯეროდა, მაგრამ კვარა, ლეაუსთან შედარებით, სულ სხვა განზომილებაა“.
- განაცხადა კასანომ.