ზედიზედ მეორედ აღიარეს - შეი გილჯეს-ალექსანდერი ისევ საუკეთესოა
NBA-ს წლევანდელი სეზონის ყველაზე სასარგებლო მოთამაშის პრიზი ისევე როგორც შარშან, ამჯერადაც შეი გილჯეს-ალექსანდერმა მიიღო. „ოკლაჰომას“ 27 წლის კანადელი კალათბურთელი გახდა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ისტორიაში რიგით მე-14 მოთამაშე, რომელმაც MVP-ის წოდების დაცვა შეძლო. უკანასკნელად კი ამის გაკეთება „დენვერ ნაგეტსის“ სერბმა ლიდერმა ნიკოლა იოკიჩმა მოახერხა, რომელიც საუკეთესოდ 2021 და 2022 წლებში დაასახელეს.
გილჯეს-ალექსანდერამდე ამპლუით მცველმა ეს პრიზი ბოლოს ზედიზედ 2015 და 2016 წლებში მიიღო და ალბათ არავის გაუკვირდება, თუ გეტყვით, რომ ეს მოთამაშე „გოლდენ სტეიტისა“ და მთლიანად NBA-ს ლეგენდა სტეფ კარი გახლდათ. შეიმ შარშანდელის მსგავსად, წლევანდელი სეზონიც უმაღლეს დონეზე ჩაატარა და „ოკლაჰომას“ დაეხმარა რეგულარული გათამაშება დასავლეთ კონფერენციის ჩემპიონის რანგში და ისტორიაში საუკეთესო შედეგით, 64 მოგებით დაემთავრებინა. მისი წვლილი ამაში რომ ძალიან დიდია, სტატისტიკაც კარგად მეტყველებს, რომლის მიხედვითაც წელს გილჯეს-ალექსანდერი საშუალოდ 31,1 ქულას, 4,3 მოხსნასა და 6,6 შედეგიან გადაცემას აგროვებს.
ცნობისათვის, „ოკლაჰომამ“ NBA-ს პლეიოფის საწყის ორ ეტაპზე, „ფინიქს სანსისა“ და „ლეიკერსის“ ბარიერი ისე დაძლია, რომ მოწინააღმდეგეებს ერთი მატჩის მოგების საშუალებაც არ მისცა. დასავლეთ კონფერენციის ფინალში კი, გილჯეს-ალექსანდერსა და მის თანაგუნდელებს ვიქტორ ვემბანიამას „სან ანტონიოსთან“ დაპირისპირება ელით.