მერკვილაძის სუსტი მატჩი - ოსტენდე ნახევარფინალშია
საკალათბურთო კლუბი „ოსტენდე“, რომლის ღირსებასაც საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშე ალექსანდრე მერკვილაძე იცავს, ბელგიის და ნიდერლანდების გაერთიანებული ჩემპიონატის ოქროს მედლებისთვის ბრძოლას განაგრძობს. პლეი ოფის პირველ ეტაპზე, მეოთხედფინალურ სერიაში მერკვილაძემ და მისმა თანაგუნდელებმა „ბრიუსელი“ საერთო ანგარიშით 2:0 დაამარცხეს. სერიის პირველ მატჩში 97:77 გამარჯვების შემდეგ, დღეს „ოსტენდემ“ შედარებით მოკრძალებული სხვაობით, 77:64 მოიგო.
სამწუხაროდ, მერკვილაძეს სუსტი მატჩი ჰქონდა, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მწვრთნელმა ბევრი სათამაშო დრო არ მისცა. პარკეტზე გატარებულ 12 წუთში ალექსანდრემ 2 ქულა, 2 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. პერიმეტრიდან ჩაგდების მისი ერთადერთი მცდელობა არაზუსტი აღმოჩნდა, საშუალო დისტანციიდან ერთიდან ერთი ჩააგდო, ხოლო საჯარიმო საერთოდ არ უსვრია. მერკვილაძემ ორივე მოხსნა დაცვაში შეასრულა, ბურთი ერთხელ დაკარგა და ორი პერსონალური ჯარიმა მიიღო.
ნახევარფინალში „ოსტენდეს“ მეტოქე „ოკაპი“ იქნება, რომელთანაც წლევანდელი ჩემპიონატის რეგულარულ გათამაშებაში ჩატარებული სამი მატჩიდან სამივე მოიგო.