„მნიშვნელოვანი გასვლითი მატჩი მოვიგეთ“ - არველაძის მორიგი გამარჯვება ქასიმპაშაში
თურქეთის სუპერლიგის მე-7 ტურში შოთა არველაძის „ქასიმპაშა“ სტუმრად „რიზესპორს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.
ქართველი სპეციალისტის გუნდი თურქეთის ჩემპიონატში ზედიზედ მე-4 მატჩია დაუმარცხებელია. ბოლო 4 შეხვედრიდან „ქასიმპაშამ“ 2 მოიგო, ორიც კი ფრედ ითამაშა.
რაც შეეხება დღევანდელ დაპირისპირებას, არველაძის გუნდმა გამარჯვება ბოლო წუთებზე შეძლო. „ქასიმპაშა“ 35-ე წუთზე გეიმ დააწინაურა. მე-60 წუთზე „რიზესპორმა“ წონასწორობა პაპანიკოლაუს გოლით აღადგინა. გამარჯვების გოლი კი მსაჯის მიერ დამატებულ მე-4 წუთზე ბენ უანმა გაიტანა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ შოთა არველაძემ განვლილი მატჩი თურქულ მედიასთან შეაფასა.
„ბოლო წუთებში მოვიგეთ. გამარჯვება ყოველთვის სასიამოვნოა. ორი განსხვავებული ტაიმი ჩავატარეთ. პირველ ნახევარში კარგად ვითამაშეთ, მეორე ტაიმი კი ცუდად დავიწყეთ და გოლი გავუშვით. მეტოქესაც იგივე შეუძლია თქვას. მათ ბურთი სწრაფად დავუთმეთ და უბურთოდ საკმაოდ დიდხანს ვითამაშეთ. ამან ზეწოლა უფრო გაზარდა, რამაც ჩვენს საჯარიმოში ქაოსი გამოიწვია, ბურთი ვერ ამოვიტანეთ და გოლი გავიდა. ასეთ დროს თამაშში დარჩენა ადვილი არ არის. მეტოქე უფრო დიდი სულისკვეთებით გეთამაშება და უფრო მეტ შანსს ქმნის. ამის მიუხედავად, „ქასიმპაშამ“ კარგად გაუძლო და გოლი აღარ გაუშვა. თამაშის ბედი ბოლო წუთებზე გასული გოლით გადაწყდა. ეს ღირებული გასვლითი გამარჯვებაა. ვულოცავ გუნდს და გულშემატკივრებს“, - განაცხადა შოთა არველაძემ.
7 ტურის შემდეგ „ქასიმქაშას“ თურქეთის სატურნირო ცხრილში 8 ქულა აქვს და მე-11 პოზიციაზე იმყოფება. არველაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას 5 ოქტომბერს, საკუთარ მოედანზე „კონიასპორის“ წინააღმდეგ გამართავს.