მადალენა: მახაჩევს გავთიშავ - ვადამდელი გამარჯვება იდეალური სცენარია
UFC-ის ქვემსუბუქი წონის მოქმედი ჩემპიონი, ჯეკ დელა მადალენა, არ აპირებს ისლამ მახაჩევის წინააღმდეგ მომავალი ბრძოლის მსაჯთა გადაწყვეტილებამდე მიყვანას.
„ისლამს ვუყურებ, როგორც სერიოზულ გამოწვევას და მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოს. მზადება დაახლოებით იგივეა - ეს არის რთული ხუთრაუნდიანი სატიტულო ბრძოლა, ამიტომ მკაფიო გეგმაზე ვმუშაობ და ნოემბერში მის განხორციელებას ვაპირებ.
მე ვგეგმავ გავიდე და ის დავანოკაუტო. საუკეთესო სცენარი - ვადამდელი გამარჯვება. ვხედავ, რომ ეს შეიძლება მოხდეს - როგორ აფეთქდება „მედისონ სქვერ გარდენის“ არენა, როდესაც დამაჯერებლად გავთიშავ pound-for-pound რეიტინგის პირველ ნომერს“,
- განაცხადა ავსტრალიელმა მებრძოლმა Submission Radio-სთან ინტერვიუში, რომელსაც P4P-ის რეიტინგში ილია თოფურიას პირველ ნომრობა აშკარად გამორჩა, ან შეგნებულად თქვა ასე.
ჩემპიონმა ასევე ისაუბრა იმაზე, თუ რას ელოდება თავისი მეტოქისგან მოახლოებულ ბრძოლაში.
„ყველაფერი დგომში დაიწყება, შემდეგ კი ვნახოთ. ის აუცილებლად მოახდენს ზეწოლას და ადრევე გადავა ჭიდაობაზე. თუ გავიხსენებთ ბელალთან ბრძოლას, ის ალბათ ფიქრობს, რომ ბელალის შეცდომა იყო ის, რომ ჭიდაობაზე ძალიან გვიან გადავიდა. ველოდები, რომ ისლამი ჩემთან ჭიდაობას პირველივე რაუნდში შეეცდება“,
- ივარაუდა დელა მადალენამ.
შეგახსენებთ, რომ ქვემსუბუქ წონაში სატიტულო ბრძოლა 15 ნოემბერს UFC 322-ზე ნიუ-იორკში გაიმართება.