მარცხი დაძაბულ ბრძოლაში - ქუთაისისთვის ევროტურნირები გრძელდება
ფიბას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე „ქუთაისი“ დანიის „ბაკენ ბეარსთან“ დაძაბულ ბრძოლაში 3-ქულიანი სხვაობით, 81:84 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა. თუმცა, საქართველოს ჩემპიონისთვის ამით ევროტურნირები არ დასრულებულა და ქუთაისელები ასპარეზობას ფიბას ევროთასზე განაგრძობენ.
მატჩი თავიდანვე მაღალ ტემპში მიმდინარეობდა, მეოთხე მეოთხედის ბოლოს კი ქართველებმა 6-ქულიანი უპირატესობაც მოიპოვეს, თუმცა გადამწყვეტ მომენტში დანიელებმა უფრო მეტი სიზუსტით ისროლეს და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს. როგორც „ქუთაისის“ რიგებში, ასევე მთლიანად შეხვედრაში საუკეთესო დეტრეკ ბრაუნინგი გახლდათ, რომელმაც 27 ქულასთან ერთად, 7 მოხსნა და 2 ასისტი დააგროვა. მატჩის დასრულების შემდეგ ქუთაისელთა დამრიგებელმა კომენტარი გააკეთა.
კოტე ტუღუში
რთულია ასეთი შეხვედრის შემდეგ კომენტარის გაკეთება, რადგან ჩემპიონთა ლიგის მოგებასთან ძალიან ახლოს ვიყავით. მეტოქე საკმაოდ ძლიერი იყო, რომელიც აგრესიულ დაცვას თამაშობდა, რითაც პირველ მეოთხედში პრობლემები შეგვიქმნა, თუმცა შემდეგ სიტუაცია გამოვასწორეთ. თამაშის ბოლოს კი დავუშვით შეცდომები, რაც მარცხად დაგვიჯდა. მივიღეთ ისეთი გამოცდილება, რომელიც მომდევნო მატჩებში გამოგვადგება.
ცნობისათვის, „ქუთაისმა“ პერიმეტრიდან მეტოქეზე უკეთ ისროლა, ხოლო დანიელები საქართველოს ჩემპიონს საშუალო დისტანციიდან და საჯარიმოების რეალიზაციაში აღემატებოდნენ.