„ბევრს ლაპარაკობენ და ოქტაგონში არ შემოდიან“ - თოფურიამ მოკრივეები გააკრიტიკა
შერეული ორთაბრძოლების მებრძოლებსა და მოკრივეებს შორის რომ ხშირ შემთხვევაში ურთიერთობები იძაბება, ეს სიახლე არავისთვის არ არის. ამ მხრივ ბოლო ამბავი ილია თოფურიასა და ტერენს კროუფორდის სიტყვიერი დაპირისპირება გახლდათ, როდესაც „ელ მატადორის“ შეთავაზებაზე, მას რინგზე შეხვედროდა, ტერენსმა უპასუხა, რომ ილია ინტერვიუების მიცემის დროს გამუდმებით მთვრალია და საერთოდაც, MMA-ს თითქმის ყველა მებრძოლი ალკოჰოლზეა დამოკიდებული. რა თქმა უნდა, UFC-ის ორი დივიზიონის ქართველმა ჩემპიონმა ეს ყველაფერი უპასუხოდ არ დატოვა და შემდეგი კომენტარი გააკეთა:
„იმასთან დაკავშირებით, რაც ტერენს კროუფორდმა თქვა, არანაირი მოსაზრება არ გამაჩნია. თუ მას სურს საკუთარი თავის გამოცდა, ტექნიკის და უნარების შემოწმება, მე აქ ვარ და ველოდები. ბოლო პერიოდში ყველაზე მეტად იცით რა მაღიზიანებს? ბევრი მოკრივე ერევა შერეულ ორთაბრძოლებში, მებრძოლებს გვაკრიტიკებენ და ჩვენ დაკნინებას ცდილობენ.
მათ საპასუხოდ ვიტყოდი - MMA-ს ძალიან ბევრმა წარმომადგენელმა უკანასკნელ პერიოდში რინგზე გადაინაცვლა და საკუთარი სიძლიერე დაამტკიცა. მოკრივეები კი მხოლოდ ბევრი ლაპარაკით არიან დაკავებულნი და არც ერთი მათგანი ოქტაგონში შემოსული არ მინახავს. სცადეთ ბიჭებო, ნუ გეშინიათ, იქნებ რამე გამოგივიდეთ“.
ცნობისათვის, ილია თოფურიამ უკანასკნელი სამი ბრძოლა UFC-ის სამ ლეგენდასთან, ალექსანდრ ვოლკანოვსკისთან, მაქს ჰოლოუეისთან და ჩარლზ ოლივეირასთან გამართა და სამივე მათგანი ნოკაუტში გაგზავნა.