„ესპანეთის ნაკრებში არ გაუფრთხილდნენ“ - ფლიკმა იამალის ტრავმა დაადასტურა
ლამინ იამალი ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში „ბარსელონას“ ვერ დაეხმარება. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ცნობილმა იტალიელმა ინსაიდერმა ფაბრიციო რომანომ გაავრცელა, რაც მოგვიანებით „ბლაუგრანას“ დამრიგებელმა, ჰანსი ფლიკმაც დაადასტურა და ესპანეთის ნაკრების ხელმძღვანელები გულგრილობაში საჯაროდ დაადანაშაულა
ჰანსი ფლიკი
სამწუხაროდ ლამინი დაშავდა, რის გამოც „ვალენსიასთან“ ვერ დაგვეხმარება და მისი ასპარეზობა „ნიუკასლთან“ ჩემპიონთა ლიგის მატჩშიც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ესპანეთის ნაკრებში დაზიანების ფონზე ათამაშეს - არადა თამაშიდან თამაშამდე შუალედში ზურგის ტკივილის გამო ვერ ვარჯიშობდა და მაინც ათამაშეს, წარმოგიდგენიათ? „ფურია როხაში“ მსოფლიოს გამორჩეული მოთამაშეები არიან თავმოყრილი, მაგრამ სამწუხაროდ მათ არ უფრთხილდებიან, რაც უზომოდ მაღიზიანებს.
შეგახსენებთ, რომ კატალონიელები 3 ტურში დაგროვებული 7 ქულით სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზე იმყოფებიან და ლიდერ მადრიდის „რეალს“ 2 ქულით ჩამორჩებიან. „ბარსელონა“ – „ვალენსიას“ მატჩი ხვალ, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.