„შეიძლება მამარდა გაანათხოვრონ“ - ფაბრიციო რომანო ლივერპულის მეკარეებზე
ცნობილი სატრანსფერო ინსაიდერი, ფაბრიციო რომანო „ლივერპულის“ მეკარეებზე წერს. იტალიელი ჟურნალისტის ინფორმაციით, „ლივერპული“ ალისონ ბეკერის „იუვენტუსში“ გაშვების წინააღმდეგია და კლუბმა ფეხბურთელს ამის შესახებ უკვე შეატყობინა.
„ჩემი ინფორმაციით, ბოლო დღეების განმავლობაში „ლივერპულმა“ ალისონს შეატყობინა, რომ მათ სურთ, ბრაზილიელი „ენფილდზე“ კიდევ ერთი წლით დარჩეს. კლუბის პოზიცია ასეთია: „წითლებს“ ალისონის „იუვენტუსში“ გაშვება არ სურთ.
„იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავიდა, თუმცა ეს ვერაფერს შეცვლიდა. ალისონი „ლივერპულის“ ლეგენდაა და მას კლუბიდან უსიამოვნო ვითარებაში წასვლა არ სურს.
შესაბამისად, ახლა ყველაფერი მხოლოდ ფეხბურთელის ხელშია. ალისონმა საჯაროდ უნდა თქვას, რომ ტურინში წასვლა სურს - წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ტრანსფერი ვერ განხორციელდება. ასეთია მერსისაიდული კლუბის პოზიცია და ეს უკვე იცის ბრაზილიელმა მეკარემაც.
ყველასათვის ნათელია, რომ თუ ალისონი „ლივერპულში“ დარჩება, „წითლებმა“ შეიძლება სხვა გუნდში გაანათხოვრონ მამარდაშვილი. მამარდაშვილს რამდენიმე მსურველი ჰყავს, მაგრამ სიტუაცია ჯერჯერობით ასეთია“.
შეგახსენებთ, რომ როგორც იტალიური მედია წერდა, ალისონმა „ბებერ ქალბატონთან“ პირადი კონტრაქტის პირობები უკვე შეათანხმა, თუმცა კლუბები ბრაზილიელის ღირებულებაზე ვერ თანხმდებიან: „ლივერპული“ 10-15 მილიონ ევროს ითხოვს, „იუვენტუსი“ კი ბრაზილიელის ასაკისა და მაღალი ხელფასის გათვალისწინებით მხოლოდ 2-3 მილიონის გადახდას აპირებს.