„დემბელე, კვარა და ვიტინია ფანტასტიკური ფეხბურთელები არიან“ - ემერი
ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე მხოლოდ რამდენიმე დღე დარჩა, ფრანგულმა L’Equipe-მა კი ინტერვიუ ჩაწერა „პარი სენ-ჟერმენისა“ და „არსენალის“ ყოფილ მწვრთნელ უნაი ემერისთან, რომელმაც რამდენიმე დღის წინ „ასტონ ვილას“ სათავეში ევროპა ლიგა მეხუთედ მოიგო.
„ლუის ენრიკე შესანიშნავად მუშაობს. მას კარგად გამოსდის პოზიტიური ატმოსფეროს შექმნა: ენრიკეს ხელში პსჟ-მა სრული ტრანსფორმაცია განიცადა. მათი თამაშის ყურება სიამოვნებაა და ეს შარშანაც ასე იყო [პსჟ-მა ასტონ ვილა ორი მატჩის ჯამში 4:3 დაამარცხა].
დღეს პსჟ მსოფლიოს საუკეთესო კლუბია, რომელიც საუკეთესო კოლექტიურ ფეხბურთს თამაშობს და საუკეთესო მწვრთნელი ჰყავს. რაც შეეხება „არსენალს“, არტეტას გუნდი ძალიან კონკურენტულია და ყოველ სეზონში პროგრესირებს. მიკელს უკვე დიდი გამოცდილება დაუგროვდა. პრემიერლიგაში ძალიან მაღალი დონეა - ამ ტურნირის მოგება და პარალელურად ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა ძალიან რთული ამოცანაა.
პსჟ-ის წარმატებები ძალიან მახარებს. ნასერ ალ-ხელაიფისთან კარგი ურთიერთობა მაქვს, ისევე როგორც მარკინიოსთან - ჩემი მწვრთნელობის პერიოდიდან დღეს გუნდში მხოლოდ ის დარჩა. რა თქმა უნდა, ძალიან მახარებს ენრიკეს წარმატებაც - ის ამას სრულიად იმსახურებს.
იყო თუ არა „ვარსკვლავების პოლიტიკაზე“ უარის თქმა გარდამტეხი მომენტი წარმატების გზაზე? არ ვიცი, დღეს პსჟ-ს ჰყავს უსმან დემბელე, ხვიჩა კვარაცხელია, ვიტინია - ფანტასტიკური ფეხბურთელები არიან. ფინალში ფავორიტი არ არსებობს, შანსები 50/50-ზე იქნება“.
ცნობისთვის, უნაი ემერი პსჟ-ს 2016–2018 წლებში, „არსენალს“ კი 2018–2019 წლებში წვრთნიდა. აქვე შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი 30 მაისს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.