„პანიკაში ჩავარდება“ | თოფურია ამბობს, რომ ცარუკიანს საჯაროდ შეარცხვენს
ილია თოფურია DeepCut with VicBlends-ის იუთუბ არხის სტუმარი იყო და ბევრ თემაზე ისაუბრა. „ელ მატადორს“ არმან ცარუკიანის შესახებაც ჰკითხეს და UFC-ის მსუბუქი წონის მოქმედმა ჩემპიონმა განაცხადა, რომ ცარუკიანი მის წინააღმდეგ თუ იჩხუბებს, საყოველთაოდ შერცხვება.
„ჩემი და ცარუკიანის ჩხუბი კარგი ბრძოლა იქნება. თუმცა არმანის ბოლო მეტოქე დენ ჰუკერი იყო, რომელსაც კარიერაში, მგონი, 20 წაგება აქვს. მეგობარო, მთელი ცხოვრების განმავლობაში ჩემნაირ მებრძოლს არასდროს შეხვედრილხარ. ცარუკიანს ყველას თვალწინ შევარცხვენ.
მას ჰგონია, რომ ძალიან მაგარია. თვლის, რომ მისი ჭიდაობა მსოფლიოში საუკეთესოა და ოლიმპიური ჩემპიონი ჰგონია თავი, მაგრამ როდესაც საუბარი ოქტაგონს ეხება, იქ მეფე მე ვარ. ოქტაგონში მეფე მე ვარ და რაც მომესურვება, იმას გავუკეთებ. ვუთხარი კიდევაც, რომ პირველ რაუნდში ყბას მოვატეხ.
ცარუკიანი ეცდება, ჩხუბის სტარტზევე თეიქდაუნი შემისრულოს, მაგრამ როცა მიხვდება, რომ ფეხებში შესვლა, ჩემი პარტერში გადაყვანა და მით უმეტეს იქ გაკონტროლება ასეთი მარტივი არ არის, პანიკაში ჩავარდება. პანიკა აიტანს და ყბას მოვატეხ, ბახ!“
ცნობისთვის, თოფურია მომდევნო ორთაბრძოლას ჯასტინ გეიჯის წინააღმდეგ, „თეთრ სახლში“, თბილისის დროით 15 ივნისს გამართავს. UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმა განაცხადა, რომ ამ ჩხუბს სწორედ ცარუკიანი დააზღვევს და თუ რომელიმე მებრძოლმა ოქტაგონში შესვლა ვერ შეძლო, მას ჩაანაცვლებს.