ილია თოფურია, მაქს ჰოლოუეი, კონორ მაკგრეგორი
Aa
Aa

„თუ ეს მოხდა, შემდეგ ჩვენი ბრძოლა შესაძლოა შედგეს“ - ილია კონორზე

თუ კონორ მაკგრეგორი მაქს ჰოლოუეის დაამარცხებს და შემდეგ კიდევ ერთ გამარჯვებას მოიპოვებს, ილია თოფურია მზადაა ოქტაგონი გაიყოს ირლანდიელთან, რომელიც, როგორც მეტოქე, „ელ მატადორისთვის“ ჯერჯერობით ინტერესს არ წარმოადგენს.

„ეს იქნება ბრძოლა დგომში, სუფთა დარტყმები. ჩვენ ვერ ვნახავთ ვერც ჭიდაობას და ვერც პარტერს. არ ვფიქრობ, რომ კონორი მაქსზე ბევრად უარესია. დიდი ალბათობით, ისინი უბრალოდ ორი კნუტივით იჩხუბებენ - ერთმანეთს ხელებით შეეხებიან და დისტანციიდან დარტყმებს გაცვლიან. ვფიქრობ, კონორი გაიმარჯვებს. მათ უკვე იჩხუბეს ერთხელ და მაშინ კონორმა მოიგო. ახლაც შეუძლია მისი დამარცხება - მან უნდა დაამარცხოს ის. თუ მკითხავთ, ვისი ხილვა მსურს გამარჯვებულად და ვინ უფრო მომგებიანია პირადად ჩემთვის, ეს კონორია. იმიტომ, რომ თუ ის გაიმარჯვებს და შემდეგ კიდევ ერთ ბრძოლას ჩაატარებს, შესაძლოა, საბოლოოდ ჩვენ ერთმანეთთან ვიჩხუბოთ.

ახლა რომ კონორთან ბრძოლა შემომთავაზონ, აბსოლუტურად დარწმუნებით ვიტყოდი უარს, რადგან რეალურად მას ამ მომენტში ჩემთვის არაფრის მოცემა არ შეუძლია. დიახ, მთელ მსოფლიოში არიან ადამიანები, რომლებსაც ამ ბრძოლის ხილვა სურთ, მაგრამ, ჩემი აზრით, უამრავი სხვა ორთაბრძოლა არსებობს, რომლებიც ბევრად უფრო საინტერესოა, ვიდრე კონორთან ჩხუბი. მაგრამ თუ ის მაქსზე დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს, და ამის შემდეგ კიდევ ერთ ბრძოლას მოიგებს, მაშინ ეს შეიძლება მოხდეს“,

- განაცხადა ქართველმა მებრძოლმა ალვარო კოლმენეროსთან ინტერვიუში.

მანამდე კონორ მაკგრეგორი ამბობდა, რომ ორგანიზაციასთან მოქმედი კონტრაქტით მას ორი ორთაბრძოლის ჩატარება დარჩა, და პირველი მათგანი იქნება მაქს ჰოლოუეისთან რევანში, რომელიც 11 ივლისს ლას-ვეგასში UFC 329-ის ტურნირის მთავარი მოვლენა იქნება.

ილია თოფურია, რომელიც მსუბუქ წონაში UFC-ის ჩემპიონის ქამარს ფლობს, 14 ივნისს ჯასტინ გეიჯისთან გამაერთიანებელ ბრძოლას გამართავს, რომელიც თეთრ სახლში დაგეგმილი სადღესასწაულო ტურნირის მთავარი მოვლენა იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები