„ძალიან ფრთხილად უნდა ვიყო“ - გეიჯი ილიასთან ბრძოლაში გადამწყვეტ ფაქტორს ასახელებს
UFC-ის დროებითი ტიტულის მფლობელმა მსუბუქ წონაში, ჯასტინ გეიჯიმ, ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ აპირებს სამ კვირაში დივიზიონის მოქმედი ჩემპიონის, ილია თოფურიას დამარცხებას.
„ვიცი, რომ ის ძალიან მაგარია. ვფიქრობ, ყველას ბრძოლის განსხვავებული სტილი აქვს, მისი სტილი კი უფრო მეტად კრივზეა დაფუძნებული, თუ ვისაუბრებთ დისტანციაზე, სივრცეზე, თაიმინგსა და პოზიციურ მუშაობაზე.
ასე რომ, დიახ, ნამდვილად ძალიან ფრთხილად უნდა ვიყო. ის ჩემზე დაბალია და შენ ნამდვილად არ გინდა, რომ შენი თავი ზედმეტად მაღლა იყოს ისეთი ბიჭების წინააღმდეგ, რომლებიც ბომბებს ისვრიან.
პოზიციური მუშაობა ამ ბრძოლაში ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდება. მაქსიმალურად დისციპლინირებული უნდა ვიყო პოზიციისა და სივრცის კონტროლში, ყურადღებით დავაკვირდე მის მოძრაობას ფეხებზე და საკუთარ დაცვას. მუდმივად უნდა ვიგებდე ბრძოლას კუთხეებისა და დისტანციისთვის“,
- განაცხადა ამერიკელმა ჯონ მორგანთან ინტერვიუში.
გამაერთიანებელი ბრძოლა მსუბუქ წონაში თოფურიასა და გეიჯის შორის 14 ივნისს გაიმართება და ის თეთრ სახლში დაგეგმილი UFC-ის სადღესასწაულო ტურნირის მთავარი მოვლენა იქნება.