Bulinews: ზივზივაძე ჰაიდენჰაიმის წლის საუკეთესო ფეხბურთელია
გამოცემა Bulinews-მა ბუდუ ზივზივაძე ჰაიდენჰაიმის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.
გერმანული გამოცემა Bulinews-ის შეფასებით, ბუნდესლიგიდან დაქვეითებული გუნდის ყველაზე გამორჩეული მოთამაშე სწორედ ქართველი თავდამსხმელი იყო, რომელმაც რთულ სეზონში გუნდის გადასარჩენად მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.
ჰაიდენჰაიმისთვის 2025/26 წლების სეზონი მძიმე გამოდგა. გასულ წელს პლეი-ოფის გზით გადარჩენის შემდეგ, ამჯერად გერმანულმა კლუბმა უმაღლეს დივიზიონში ადგილის შენარჩუნება ვეღარ შეძლო. სეზონის ფინალურ ტურში გუნდმა „მაინცთან“ 0:2 წააგო, რაც ბუნდესლიგაში სამწლიანი ყოფნის დასასრულად იქცა.
თუმცა, მიუხედავად საერთო წარუმატებლობისა, ზივზივაძე გუნდის ერთ-ერთ მთავარ მებრძოლად გამოიკვეთა. Bulinews აღნიშნავს, რომ ქართველ თავდამსხმელს სეზონის განმავლობაში რთული პერიოდებიც ჰქონდა, თუმცა გადამწყვეტ ეტაპზე ფორმაში შევიდა და განსაკუთრებით ეფექტური გახდა.
32 წლის ქართველი ფორვარდის თამაში გერმანული მედიის შეფასებით იდეალურად შეესაბამება მეორე ბუნდესლიგის მოთხოვნებს — მისი ფიზიკური მონაცემები, 188-სანტიმეტრიანი სიმაღლე, ბურთის შენარჩუნების უნარი, საჰაერო ორთაბრძოლებში ეფექტურობა და დაცვითი სამუშაო მომდევნო სეზონში გუნდისთვის მნიშვნელოვანი იარაღი იქნება.
Bulinews-ის შეფასებით, თუ ზივზივაძე მომავალ სეზონს სტაბილურად დაიწყებს, ჰაიდენჰაიმის ბუნდესლიგაში სწრაფი დაბრუნება სრულიად რეალური სცენარია.
ქართველმა თავდამსხმელმა ახლახან დასრულებულ სეზონში გერმანიის ჩემპიონატში 20 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა