„ევროლიგის თამაში თუ დაემთხვა, შეუძლებელი იქნება“ - სანიკიძე შენგელიაზე
2025 წლის ევრობასკეტის ერთ-ერთი მთავარი სენსაციების ავტორი საქართველოს ეროვნული ნაკრები ნოემბრიდან 2027 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს დაიწყებს. 27 ნოემბერს ალექსანდარ ჯიკიჩის მომზადებული გუნდი თბილისში უკრაინის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს, სამი დღის შემდეგ კი სტუმრად ესპანელებთან ითამაშებს. დიდი ხნის წინ ვიყავით შეგუებულები, რომ ამ მატჩებში გოგა ბითაძე და სანდრო მამუკელაშვილი ნაკრებს ვერ დაეხმარებოდა, თუმცა როგორც ირკვევა თორნიკე შენგელიას ასპარეზობაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რაზეც საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვიქტორ სანიკიძემ გადაცემაში „სპორტი იმედზე“ სტუმრობისას ისაუბრა.
ვიქტორ სანიკიძე
ეს პრობლემები ყოველთვის გვქონდა და ახლა საქმე კიდევ უფრო გართულებულია - როგორც იცით ევროლიგა გაფართოვდა, რის გამოც მატჩების რაოდენობა გაიზარდა. თუ უკრაინელებთან ნოემბერში საშინაო მატჩი ევროლიგის თამაშს დაემთხვა, რთული წარმოსადგენია, რომ თორნიკემ ჩამოსვლა მოახერხოს. ამ ადამიანმა ისედაც უამრავი მსხვერპლი გაიღო და აღარ ვიცი, როგორ უნდა მოვითხოვოთ მისგან კიდევ ასეთი საქციელი.
რაც შეეხება ევრობასკეტს, ყველაფერი უმაღლეს დონეზე იყო ორგანიზებული. ერთადერთი ალექსანდარ ჯიკიჩი კენჭისყრის შემდეგ უკმაყოფილო დარჩა იმ ფაქტით, რომ ჩვენი ჯგუფის თამაშები ლიმასოლში უნდა გამართულიყო, რადგან კვიპროსი დასვენებისთვის იმდენად კარგი ადგილია, ეშინოდა ბიჭებს საკუთარი თავისთვის მოდუნების საშუალება არ მიეცათ.
ვაჩვენეთ არნახული შედეგი და ეს ნაკრები დაფასებას იმსახურებს. სასაცილოა იმის მოსმენა, რომ პლეი ოფში ბერძნებმა გაგვიყვანეს - მერვედფინალი ვითამაშეთ იმიტომ რომ ესპანელები დავამარცხეთ.
ცნობისათვის, მსოფლიოს 2027 წლის საკალათბურთო ჩემპიონატს კატარი უმასპინძლებს. პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე კი ქართველი კალათბურთელების მეტოქე უკრაინისა და ესპანეთის გარდა, დანიის ნაკრები იქნება.