პერეირა: რევანშს მოვიგებ და შემდეგ მესამე ბრძოლა აღარ იქნება
ნახევრადმძიმე წონის ყოფილი ჩემპიონი ალექს პერეირა კმაყოფილია, რომ მაგომედ ანკალაევთან რევანშის დეტალები მისთვის სასურველი სცენარით წარიმართა.
„რევანშის ორგანიზება მარტივი იყო. პირველივე ბრძოლის შემდეგ ვიცოდი, რომ დაუყოვნებლივ მივიღებდი შანსს. სხეულს აღდგენა სჭირდებოდა, ბევრი ტრავმა მქონდა. მაგრამ ის, მიუხედავად იმისა, რომ ქამარი აქვს, რეალურად არაფერს წყვეტს. საბოლოოდ ყველაფერი ისე მოხდა, როგორც მე მჭირდებოდა. ის ივლისს ითხოვდა, სხვა თარიღებსაც, მაგრამ ეს არ შედგა. ყველაფერი ჩემი სურვილისამებრ განვითარდა.
ანკალაევის შეტევები სოცქსელებიდან? ჩემთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს. ფაქტია, რომ მას ჩემპიონად არ იცნობენ და ყურადღების მისაქცევად მუდამ ჩემს სახელს ახსენებს. ამიტომ არ ვპასუხობ და არ ვაძლევ ასეთ შანსს.
ვფიქრობ, ისტორია დასრულდება. ყველაფერი UFC-ზეა დამოკიდებული. თუ სურთ, კიდევ ერთხელ ვიჩხუბებ, მაგრამ არსებული ვითარების მიხედვით, მარცხის შემდეგ მას ტიტულისთვის აღარ დაუშვებენ. მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ რევანშისთვის მაქსიმალურად მზად ვიყო, ჩემს რიტმსა და გეგმას მოვახვევ და გავიმარჯვებ. შემდეგ კი მესამე ბრძოლა აღარ იქნება“.
- განაცხადა პერეირამ MMA Junkie-სთან საუბრისას.
მარტში პერეირამ ანკალაევთან ქამრისთვის ბრძოლა დათმო. ხუთრაუნდიანი ბრძოლის შემდეგ მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ანკალაევმა გაიმარჯვა. მატჩრევანში კი 4 ოქტომბერს, UFC 320-ზე ლას-ვეგასში გაიმართება.