„სანაკრებო პაუზის შემდეგ თამაში ყოველთვის რთულია“ - ენრიკე ლანსთან მატჩის წინ
14 სექტემბერს პსჟ ლიგა 1-ის მორიგ ტურში „ლანსს“ უმასპინძლებს, დღეს კი პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
„უსმან დემბელესა და დეზირე დუეს არყოფნაში გონსალო რამუშს შეუძლია, გუნდს სარგებელი მოუტანოს. მთელი გუნდი მზადაა, ღირსეულად შეხვდეს ამ გამოწვევას. ასეთია ჩვენი გუნდის მენტალიტეტი. ვინ ითამაშებს მარჯვენა ფლანგზე - კვარა თუ ბარკოლა? არც იბრაჰიმ მბაიე დაგავიწყდეთ, ის კლასიკური გარემარბია. 20-ვე ფეხბურთელმა იცის, როგორ ითამაშონ მარჯვენა თუ მარცხენა ფლანგზე - ისინი ტოპმოთამაშეები არიან.
რაც არ უნდა ვთქვა ახლა საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციაზე - კარგი თუ ცუდი - ეს არ გააუმჯობესებს ჩემი ფეხბურთელების მდგომარეობას. ჩემთვის და სამედიცინო შტაბისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელების ჯანმრთელობაა და ამაზე ვართ ფოკუსირებულები.
პრესნელ კიმპემბე ძალიან მიყვარს, მაგრამ ასეთია რეალობა, ბოლო ორი წლის განმავლობაში ის ტრავმირებული იყო და ვერ იღებდა საჭირო სათამაშო დროს. ხვალ მატჩის შემდეგ მისთვის განსაკუთრებული მომენტი იქნება.
რას ველოდებით „ლანსთან“ მატჩისგან? სანაკრებო პაუზის შემდეგ თამაში ყოველთვის რთულია. რამდენიმე ფეხბურთელს დასვენების საშუალება ჰქონდა, სხვებს კი არა. ვიცით, რომ რთული მატჩი გველის და მოსაგებად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ“.
ცნობისთვის, პსჟ-ლანსის მატჩი ხვალ, თბილისის დროით 19:15 საათზე გაიმართება.