„Rolex-ის საათს შევპირდი“ - შენგუნი ოსმანის საოცარ თამაშზე
თურქეთის ნაკრების ევრობასკეტის ფინალში გასვლა არავის გაჰკვირვებია, მაგრამ თუ ერგინ ატამანის შეგირდები ნახევარფინალში საბერძნეთის ეროვნულ გუნდს მარტივად და უშანსოდ, 26-ქულიანი სხვაობით დაამარცხებდნენ, ამას ვერავინ წარმოიდგენდა. გამარჯვებულებს შორის საუკეთესო უდავოდ ერჩან ოსმანი გახლდათ, რომელმაც კარიერის საუკეთესო მატჩი ჩაატარა და გარდა იმისა, რომ 28 ქულა მიითვალა (აქედან 14 საწყის 10 წუთში), მეტოქის მთავარი ლიდერი იანის ანტენტოკუმპო გაანეიტრალა და 12 ქულაზე მეტის დაგროვების საშუალება არ მისცა.
მატჩის დასრულების შემდეგ ოსმანის პერფომანსზე თურქების მთავარ ვარსკვლავს, ალპერენ შენგუნს ჰკითხეს, რომელმაც აღნიშნა, რომ ერჩანს თამაშის დაწყებამდე უთხრა, რომ თუ კარგად იასპარეზებდა, Rolex-ის საათს აჩუქებდა. შენგუნმა აღნიშნა, რომ ახლა საუკეთესო, ბოლო მოდელის საათის არჩევა მოუწევს, რადგან მისმა თანაგუნდელმა ეს დაიმსახურა. რაც შეეხება თავად ოსმანს, მან განსაკუთრებული მადლობა ნაკრების ექიმებს გადაუხადა, რომელთაც ძალ-ღონე არ დაიშურეს და მისი მოგვარე, ჩედი ოსმანი გამოაჯანმრთელეს, რომლის პარკეტზე გასვლაც ტერფის ტრავმის გამო კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა.
ევრობასკეტის ფინალში თურქები ხვალ გერმანელებს დაუპირისპირდებიან და წარმატების შემთხვევაში კონტინენტის პირველობას ისტორიაში პირველად მოიგებენ. ამასთან ყველაზე ახლოს ჩვენი მეზობლები 2001 წელს იყვნენ, თუმცა გადამწყვეტ მატჩში იუგოსლავიასთან დამარცხდნენ.