პირობა შესრულებულია - შენგუნმა ოსმანი დაასაჩუქრა
თურქეთის კალათბურთელთა ნაკრების ლიდერმა ალპერენ შენგუნმა ერჩან ოსმანისთვის მიცემული სიტყვა შეასრულა და ამის დასამტკიცებლად სოციალურ ქსელში ფოტოც ატვირთა. ევრობასკეტის ნახევარფინალის დასრულების შემდეგ, შენგუნმა განაცხადა, რომ ოსმანს შეჰპირდა, იმ შემთხვევაში თუ იანის ანტენტოკუმპოს ისე შეზღუდავდა, რომ ბერძნების წამყვანი კალათბურთელი 20 ქულაზე მეტს არ დააგროვებდა, ერჩანს ბოლო მოდელის Rolex-ის საათს აჩუქებდა.
ოსმანი იანისს მართლაც ბრწყინვალედ ეთამაშა, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა მხოლოდ 12 ქულა დააგროვა, რაც ევრობასკეტებზე მისთვის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გახლდათ. მოწინააღმდეგის გამორჩეული ლიდერის ამოკეტვის პარალელურად, თავად ერჩანსაც არაჩვეულებრივი სტატისტიკა ჰქონდა და 28 ქულით თანაგუნდელებს შორის ყველაზე შედეგიანი გახლდათ, რაც იმის მანიშნებელია, რომ შენგუნისგან ასეთ საჩუქარს ნამდვილად იმსახურებდა.
შეგახსენებთ, რომ თურქეთის ნაკრებმა ისტორიაში მეორედ მოიპოვა ევრობასკეტის ვერცხლის მედლები, ხოლო ალპერენ შენგუნი ტურნირის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა.