კახა ჯინჭარაძე
Aa
Aa

„დაღლილობა და სერბეთის მაგივრად ფინეთის გასვლამ აგვაღელვა“ - ჯინჭარაძის ანალიზი ევრობასკეტზე

საკლუბო თუ სანაკრებო დონეზე კახა ჯინჭარაძე ის კალათბურთელია, რომელიც მუდამ ცდილობს ბოლომდე დაიხარჯოს და გუნდისთვის და თანაგუნდელებისთვის სარგებლის მომტანი იყოს. 2025 წელს გამართულ ევრობასკეტზე საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი ფიგურა გახლდათ და საერთოდაც ბოლო წლებში ჩვენი ქვეყნის უპირველესი საკალათბურთო გუნდის მის გარეშე წარმოდგენა პრაქტიკულად შეუძლებელია. ჯინჭარაძე, რომელიც ბოლოს ლიბანის პირველობაზე ასპარეზობდა, ცოტა ხნის წინ ეროვნულ ჩემპიონატში დაბრუნდა და კონტრაქტი სუპერლიგის მოქმედ ჩემპიონ „ქუთაისთან“ გააფორმა. Crystalsport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში კახამ ყველა აქტუალურ საკალათბურთო თემაზე დეტალურად ისაუბრა, 2025 წლის ევროპირველობა საინტერესოდ გაანალიზა და დანიელებთან მოახლოებულ შესარჩევი მატჩის მნიშვნელობაზეც საკუთარი მოსაზრება გამოთქვა.

კახა ჯინჭარაძე

ლიბანის ჩემპიონატიდან წამოვედი, რადგან კლუბის ხელმძღვანელებსა და სპონსორებს შორის უთანხმოება მოხდა, რის გამოც სიტუაცია აირია. შესაბამისად ვამჯობინე საქართველოში დაბრუნება და „ქუთაისის“ ვარიანტიც გამოჩნდა, რომელსაც ჩემი პოზიციის კალათბურთელი სჭირდებოდა. ვესაუბრე ამ გუნდის წარმომადგენლებს, ჩვენი აზრები ერთმანეთს დაემთხვა და შეთანხმება იოლად შედგა.

ჩემი აზრით სუპერლიგა ადრე უფრო რთული სათამაშო იყო, იმიტომ რომ არ არსებობდა ა ლიგა. არა, ამ ტურნირის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს - პირიქით მივესალმები ფაქტს, რომ იმ კალათბურთელებს, რომლებიც უმაღლესში ვერ ხვდებიან, თამაშისა და ანაზღაურების მიღების საშუალება ეძლევათ. უბრალოდ, ადრე, როდესაც მხოლოდ 8-9 კლუბი არსებობდა, კონკურენცია და დაძაბულობა უფრო მეტად იზრდებოდა და სხვა დონის ლეგიონერებიც ჩამოჰყავდათ. ვგულისხმობ ჩემი „მგზავრებში“ თამაშის პერიოდს, როდესაც „დინამო თბილისიც“ სუპერლიგაში ასპარეზობდა და სულ მაგარი უცხოელები ირიცხებოდნენ ამ კლუბში. იქ „ქუთაისი“ რეგულარულად უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოდა და რუსთავსა და ბათუმსაც სერიოზული გუნდები ჰყავდა.

რა ხდება ახლა? ნაკრების ბოლოდროინდელი წარმატებებიდან გამომდინარე, კალათბურთზე მოთხოვნა გაიზარდა. დალაგდა ფინანსური კუთხეც - ადრინდელთან შედარებით აშკარად გაზრდილია ხელფასები, რაც ახალგაზრდებისთვის დამატებითი მოტივაციაა. არიან ბევრი მოთამაშეები, თუმცა მათ უმეტესობას საკუთარ თავზე მეტი მუშაობა სჭირდება, მითუმეტეს ახლა, როდესაც ჩვენთან ინდივიდუალური მწვრთნელის აყვანის საშუალება და პრაქტიკა ნაკლებად არსებობს.

შეგვეძლო თუ არა ევრობასკეტზე მეტის მიღწევა და ფინეთის დამარცხება? იცით, რაშია საქმე - როდესაც ხვდები საფრანგეთს და იცი, რომ შენთან შემდეგ ფინეთი-სერბეთის წყვილის გამარჯვებული გამოდის, ფინელების გამარჯვება ჩვენთვის ცოტა შოკისმომგვრელი იყო. ისევე როგორც ჩვენი მოგება ფრანგებთან. არ გეგონოთ ამით ჩვენს წარმატებას ვაკნინებდე - არა, ყველაფერი ჩავდეთ ამ გამარჯვებაში, თითოეულმა ვიცოდით საკუთარი როლი და ვის როდის და საიდან უნდა შეეტანა თამაშში ახალი ენერგია. უბრალოდ, როდესაც მეტოქედ ფინეთი შეგვხდა, ამან თითქოს ჩვენში რაღაც აღელვება შემოიტანა და დარწმუნებული ვარ, სერბეთი რომ ყოფილიყო, ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა.

ფინელებთან ერთ ეპიზოდში 4 ქულამდეც შევამცირეთ სხვაობა, მაგრამ შემდეგ ალბათ თავი დაღლილობამ იჩინა. ყველამ კარგად ნახეთ, რომ ევრობასკეტზე ლიმიტირებული სკამი გვქონდა და 6-7 კალათბურთელს უცხადებდა ნდობას ალექსანდარ ჯიკიჩი, რაზეც მასთან პრეტენზიები ნამდვილად არ გვაქვს და მის გადაწყვეტილებას პატივს ბოლომდე ვცემთ. რაც შეეხება ფინეთის ნაკრებს, ევროპაში ალბათ ყველაზე განსხვავებულ და სწრაფ კალათბურთს თამაშობს, რასთან გამკლავებაც გაგვიჭირდა.

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე დანიელებთან თამაში მოგვიახლოვდა. წინა შესარჩევში მათთან სტუმრად გამართული მატჩი ძალიან მახსენებს ამ საკვალიფიკაციოში უკრაინასთან ჩატარებულ საშინაო შეხვედრას, რადგან ორივე შემთხვევაში ხელიდან სერიოზული უპირატესობა გავუშვით. არ იქნება მარტივი დაპირისპირებები, უნდა შევეცადოთ რომ ისინი დავამარცხოთ თავდაჯერებულად და რაც შეიძლება დიდი ანგარიშით.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის პირველ შესარჩევი ეტაპის III-IV ტურის მატჩებს დანიელებთან ჯერ სტუმრად, შემდეგ კი შინ ჩაატარებს. კოპენჰაგენში მატჩი 27 თებერვალს შედგება, ხოლო თბილისში - 2 მარტს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„შენგელიას რთული პერიოდი აქვს, უნდა დავეხმაროთ“ - ბარსელონას მწვრთნელი
„შენგელიას რთული პერიოდი აქვს, უნდა დავეხმაროთ“ - ბარსელონას მწვრთნელი