„პატარა ბიჭია საიმისოდ, რომ იანისი გააკრიტიკოს“ - ბერძნები შენგუნს დაუპირისპირდნენ
საბერძნეთი-თურქეთის ევრობასკეტის ნახევარფინალური მატჩის დასრულების შემდეგ, სადაც თურქებმა მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხეს, მათ ლიდერს ალპერენ შენგუნს ჰკითხეს, თუ როგორ მოახერხეს იანის ანტენტოკუმპოს გაინეიტრალება, რაზეც NBA-ს ერთ-ერთმა ვარსკვლავმა უპასუხა, რომ ეს დავალება ერჩან ოსმანს ჰქონდა მიცემული, ხოლო დანარჩენები უბრალოდ ეხმარებოდნენ და იქიდან გამომდინარე, რომ ანტენტოკუმპოს პასის კულტურა საერთოდ არ გააჩნია, მისი გაჩერება არ გასჭირვებიათ.
ბუნებრივია, დღეს ფინელებთან გამარჯვების შემდეგ, პრესკონფერენციაზე მისული საბერძნეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელისგან ვასილიოს სპანულისისგან და იანის ანტენტოკუმპოსგან მედიის წარმომადგენლებს მატჩის შეფასებაზე უფრო მეტად აინტერესებდათ, თუ რას იტყოდნენ ისინი შენგუნის ნათქვამზე და პასუხი ორივე მათგანს საკმაოდ კრიტიკული გამოუვიდა.
ვასილიოს სპანულისი
თურქები ამბობენ, რომ იანისს არაფრის გაკეთების საშუალება არ მისცეს? გადაჭარბებული და სასაცილო შეფასებაა. შენგუნი საკმაოდ პატარა პიროვნებაა საიმისოდ, რომ იანისის გაკრიტიკების უფლება ჰქონდეს. მათი სქემა სტანდარტული იყო და უბრალოდ იმიტომ გაიმარჯვეს, რომ ჩვენი დღე არ იყო.
იანის ანტენტოკუმპო
მე ვარ კალათბურთელი, რომელსაც სხვებზე საუბარი არ უყვარს, რადგან ჩემი თამაშის ხარისხი ყველაფერზე მეტყველებს. 13 სეზონია NBA-ში ვთამაშობ და მოვიგე ყველაფერი, რისი მოგებაც შეიძლებოდა. თუ ვინმე ფიქრობს, რომ პასის გაკეთება არ შემიძლია, Youtube-ზე ჩემი თამაშის ამსახველი უამრავი ვიდეო დევს და უყურონ.
ცნობისათვის, თურქებთან წაგებულ შეხვედრაში იანის ანტენტოკუმპოს მიმდინარე ევრობასკეტზე ყველაზე ცუდი მატჩი ჰქონდა - მან 12 ქულა დააგროვა, 12 მოხსნა მიითვალა და 5 ასისტიც შეასრულა, თამაშიდან მისი 13 ტყორცნიდან კი ზუსტი 6 აღმოჩნდა.