„ქვეყანას ლომივით იცავდა“ - გასოლი იანისმა აღაფრთოვანა
იანის ანტენტოკუმპომ ახლახანს დასრულებულ ევრობასკეტზე მთავარი მიზანი ვერ შეასრულა და საბერძნეთის ნაკრებს ჩემპიონის ტიტული ვერ მოუტანა, მაგრამ ელადელების ლიდერი ისე ირჯებოდა, რომ მისი ასპარეზობა გულგრილს ვერავის დატოვებდა. ასეთივე აზრზეა ლეგენდარული ესპანელი კალათბურთელი პაუ გასოლი, რომელიც ალბათ საკლუბოზე უფრო მეტად, გულშემატკივრებს სანაკრებო მიღწევებით დაამახსოვრდა. პაუმ ესპანეთის ეროვნული გუნდის რიგებში სამჯერ ევროპის, ერთხელ კი მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო.
პაუ გასოლი
სანაკრებო ტურნირებს მუდამ უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებდი, რადგან ესპანეთის ეროვნულ გუნდში სულ სხვა ადამიანად ვიქეცი. იცავდე შენი ქვეყნის ღირსებას, ეს რაღაც განსაკუთრებულია, რადგან წარმოადგენ საკუთარ ხალხს, საკუთარ სახელმწიფოს და გულშემატკივრებს. მე ძალიან მომეწონა გასულ ევრობასკეტზე ის შემართება და ის ემოცია, რითაც იანისი თამაშობდა. ის თითოეულ ეპიზოდში ავლენდა დიდ სიყვარულს საბერძნეთისა და ბერძენი ხალხის მიმართ და საკუთარ ქვეყანას ლომივით იცავდა.
შეგახსენებთ, რომ იანის ანტენტოკუმპომ საბერძნეთის ნაკრების შემადგენლობაში კონტინენტის პირველობის ბრინჯაოს მედლები მოიპოვა და „მილუოკი ბაქსის“ ვარსკვლავი ტურნირის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა.