ევრობასკეტის ჯილდოები | შროდერი MVP გახდა, ატამანი - საუკეთესო მწვრთნელი
2025 წლის ევრობასკეტი გერმანიის ნაკრების ტრიუმფით დასრულდა. დენის შროდერმა და კომპანიამ ფინალში თურქეთი დაამარცხა და ტურნირის MVP გერმანელთა გამთამაშებელი გახდა. შროდერი საშუალოდ 20.9 ქულას, 3.5 მოხსნასა და 6.6 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.
ევრობასკეტის ფინალური შეხვედრის MVP-ის ჯილდო ისააკ ბონგამ დაისაკუთრა, რომელმაც გადამწყვეტ მატჩში 20 ქულა, 5 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ბონგამ ევრობასკეტის საუკეთესო დამცველის ჯილდოც მიიღო.
ტურნირის პირველი სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება: დენის შროდერი, ფრანც ვაგნერი, ალპერენ შენგუნი, იანის ანტეტოკუნმპო, ლუკა დონჩიჩი. რაც შეეხება მეორე ხუთეულს, ორგანიზატორებმა ჩედი ოსმანი, ლაური მარკანენი, ჯორდან ლოიდი, დენი ავდია და ნიკოლა იოკიჩი გამოარჩიეს.
ევრობასკეტის საუკეთესო მწვრთნელად ერჯინ ატამანი დასახელდა, რომელიც თურქეთის ნაკრების თავკაცია. ტურნირის ამომავალი ვარსკვლავი მიკა მურინენი გახდა.