დასაფასებელი მიღწევა მარცხის ფონზე - მარკანენის საოცარი შედეგი
ფინეთის ნაკრების სხვა კალათბურთელების მსგავსად, გერმანელებთან (86:98) წაგებულ ნახევარფინალში საუკეთესო თამაში არც ლაური მარკანენს ჰქონდა. „იუტა ჯაზის“ 28 წლის ვარსკვლავმა 9-დან 2 სამქულიანი, 8-დან 4 ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო გამოიყენა, რის შემდეგაც მატჩი 16 ქულით, 8 მოხსნით, 2 ჩაჭრითა და 1 ასისტით დაასრულა, თუმცა „სუომის“ 23-ე ნომერს ეს დღე მაინც არასოდეს დაავიწყდება.
საქმე იმაში გახლავთ, რომ სწორედ გუშინ მარკანენი ეროვნულ გუნდში 500-ქულიან ზღვარს გადასცდა და გახდა ფინეთის ნაკრების ისტორიაში მხოლოდ მეორე კალათბურთელი, რომელმაც ამის გაკეთება მოახერხა. თუმცა, თუ ტიმო ლამპენს 621 ქულის დასაგროვებლად 51 მატჩის გამართვა დასჭირდა, ლაურიმ 502 ქულას თავი 21 შეხვედრაში მოუყარა.
მარკანენისთვის და მისი თანაგუნდელებისთვის მარცხის მიუხედავად წლევანდელი ევრობასკეტი ჯერჯერობით არ დასრულებულა - ფინეთი ხვალ, მესამე ადგილისთვის საბერძნეთს შეხვდება და გამარჯვების შემთხვევაში კონტინენტის პირველობაზე ბრინჯაოს მედლებს პირველად მოიპოვებს.