„მარტივი ჩხუბი არ ექნება, მაგრამ მოიგებს“ | ცარუკიანის პროგნოზი ოლივეირა VS თოფურიაზე
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლი, არმან ცარუკიანი თვლის, რომ ილია თოფურია საჩემპიონო ქამარს დაისაკუთრებს. ცარუკიანის აზრით, „ელ მატადორი“ ჩარლზ ოლივეირას დაამარცხებს, მაგრამ მარტივი ორთაბრძოლა არ ელოდება.
„ილია თოფურიას მსუბუქ წონით დივიზიონში ძალიან კარგი შანსები აქვს. ის ახალგაზრდა და საკუთარ თავში დარწმუნებული ბიჭია, რომელიც წინ და წინ მიდის. თუმცა, ოლივეირა საჩუქარი არავისთვისაა. ჩარლზს შეუძლია, ნებისმიერ მომენტში დაგახრჩოს ან მუხლებით და იდაყვებით დაგანოკაუტოს.
ილიასთვის ოლივეირასთან ჩხუბი მარტივი გასეირნება ნამდვილად არ იქნება, მაგრამ მგონია, რომ მას მოგების უფრო მეტი შანსი აქვს, რადგან კარგი კრივით გამოირჩევა და მისი პარტერში გადაყვანა რთულია. თოფურიას UFC-ში ერთ-ერთი საუკეთესო კრივი აქვს, მაგრამ არ ვეთანხმები მათ, ვინც ამბობენ, რომ ისლამ მახაჩევი მას გაექცა. ჩემი აზრით, მახაჩევისთვის ჯეკ დელა მადალენა უფრო რთული მეტოქეა“.
ცარუკიანი ჩარლზ ოლივეირას ძალიან კარგად იცნობს. 2024 წლის აპრილში, UFC 300-ზე, არმანისა და „დუ ბრონქსის“ დაპირისპირება ვიხილეთ და სომეხმა მებრძოლმა მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით იმარჯვა. სხვათა შორის, ცარუკიანმა ისიც განაცხადა, რომ მზადაა, რომელიმე მებრძოლის ტრავმის შემთხვევაში, ოქტაგონზე გავიდეს და ტიტულისთვის იჩხუბოს.