„პსჟ ახალ დონეზე აიყვანა“ | The Guardian-მა კვარა ოქროს ბურთის ნომინანტებს შორის დაასახელა
ავტორიტეტულმა ბრიტანულმა გამოცემამ, The Guardian-მა 2024/25 წლების სეზონი შეაჯამა და ოქროს ბურთის პრესტიჟული ჯილდოს მოგების 6 კანდიდატი დაასახელა. The Guardian-ის სიაში „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა.
„ქართველ ფეხბურთელს, რომელმაც მიმდინარე სეზონი ნაპოლიში დაიწყო, შეუძლია, იშვიათი მიღწევით იამაყოს. ერთ სეზონში, ის ორი ქვეყნის ჩემპიონი გახდა და ლიგა 1 და სერია A მოიგო. ნუ, რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგის თასიც აღმართა. ცუდი არაა ბიჭისთვის, რომელსაც ოდესღაც რუსთავში უთამაშია.
კვარაცხელიას თვისებების შესახებ საფეხბურთო სამყარომ დიდი ხანია ყველაფერი კარგად იცის. მას შეუძლია, მეტოქეები ჩამოიშოროს და მარცხნივ ან მარჯვნივ წავიდეს. ამავდროულად, მომაკვდინებელი დარტყმით გამოირჩევა, რომელსაც ნებისმიერი მეკარის გამოცდა შეუძლია.
ხვიჩა ყოფილი ფეხბურთელის, ბადრი კვარაცხელიას შვილია და ვარსკვლავობისკენ მიმავალი გზა მარტივად ნამდვილად არ გაუვლია. 24 წლის ფეხბურთელი, 3 სეზონის განმავლობაში, რუსეთში თამაშობდა, შემდეგ კი ნაპოლიში გადავიდა. კვარაცხელიამ განსხვავება შექმნა მაშინ, როდესაც საჭირო იყო და პარი სენ-ჟერმენი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე პრობლემები ჰქონდა, ახალ დონეზე აიყვანა“, - წერს The Guardian-ი.
კვარაცხელიას გარდა, ბრიტანული გამოცემის რეიტინგში მოჰამედ სალაჰი, უსმან დემბელე, რაფინია, ლამინ იამალი და კილიან მბაპე მოხვდნენ. Bleacher Report-ი და Goal-ი ფავორიტად უსმან დემბელეს ასახელებენ.