ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„სამი ფილტვი აქვს“ - მაკრონმა ხვიჩაზე იხუმრა

საჩემპიონო ზეიმის ფარგლებში, ცოტა ხნის წინ პსჟ საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის რეზიდენციაში იმყოფებოდა სადაც ადგილზე შეკრების საზოგადოებას ჩემპიონთა ლიგის თასი წარუდგინა.

ემანუელ მაკრონმა პსჟ-ს ფეხბურთელებს უმასპინძლა

საფრანგეთის პირველმა პირმა ჩემპიონთა ლიგის მოგების მნიშვნელობაზე ისაუბრა და კლუბის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა.

რა თქვა მაკრონმა:

„მთელი სეზონის განმავლობაში ზღაპრული თავდადება აჩვენეთ და ეს წარმატება, რომელსაც შაბათს მიაღწიეთ, დამსახურებული იყო. ეს მთელი გუნდის გამარჯვება, ერთიანობით, მენტალური მდგრადობით, სოლიდარობითა და ამბიციით. ეს არის ფეხბურთი, რომლის ყურებაც გვიყვარს“.

„ყველაფერი ლუის ენრიკეთი იწყება. კარგად მახსოვს, როდესაც ჩამოხვედი, მითხრეს, რომ არაფერი გამოგივიდოდა. ამბობდნენ, რომ გუნდი საკმაოდ ახალგაზრდა და გამოუცდელი იყო. მაგრამ შენ ისეთი ძალა და ფილოსოფია შემოიტანე, რითაც ამ გუნდს ჩემპიონთა ლიგის ფინალში 5:0 მოგება შეუძლია“.

„გუშინ, უკლებლივ ყველამ ყოველ წამს მაქსიმალური თავდადება გამოიჩინა. ყველაზე შთამბეჭდავი ის იყო, რომ 4:0-ზეც კარში ბურთი არ გაუშვეს. გშიოდათ, ამის გაკეთება გინდოდათ და გააკეთეთ კიდეც“.

„მადლობა, რომ ეს გამოცდილება ჩვენს შვილებს, მოზარდებს აჩუქეთ. ეს ოცნებაა. შესაძლოა, ზოგი მათგანი დიდი მოთამაშე გახდეს. თქვენ ამ მაისურს სული აჩუქეთ, დიდი მადლობა, რომ ამ ახალგაზრდებს ოცნება აუხდინეთ და ისინი კვლავ შეიყვარებენ ამ მაისურს“.

ემანუელ მაკრონი ფეხბურთელებს სათითაოდ, გვარების მიხედვით მადლობას უხდიდა და ბუნებრივია, რომ არც ხვიჩა კვარაცხელია გამორჩა. საფრანგეთის პრეზიდენტს ხვიჩას გვარის წარმოთქმა გაუჭირდა და ხუმრობით თქვა, რომ პარიზულმა გუნდმა „სამი ფილტვის მქონე ფეხბურთელი დაიმატა“.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში პსჟ-მა „ინტერი“ 5:0 გაანადგურა და ჩემპიონობა არსებობის ისტორიაში პირველად იზეიმა. გუშინდელ შეხვედრაში მე-4 გოლი ხვიჩა კვარაცხელიამაც გაიტანა, რომელიც კახა კალაძის შემდეგ მეორე ქართველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მოგება შეძლო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები