„თუ ეს არის მისი გეგმა, მაშინ სულელი ყოფილა“ - ომალიმ მერაბზე ისაუბრა
UFC-მ ოფიციალურ გვერდზე მერაბ დვალიშვილისა და შონ ომალის საჩემპიონო ჩხუბზე სპეციალური ვიდეორგოლი - UFC 316 Countdown გამოაქვეყნა, რომელშიც ორივე მებრძოლი მოახლოებულ ჩხუბზე საუბრობს.
მერაბ დვალიშვილის ინტერვიუ წინა სტატიებში შემოგთავაზეთ, ახლა კი „შუგას“ ინტერვიუს წარმოგიდგენთ, რომელშიც მოახლოებულ ჩხუბსა და საბრძოლო გეგმაზე საუბრობს. შონ ომალი 2024 წლის სექტემბერში გამართულ პირველ საჩემპიონო ჩხუბსაც იხსენებს.
რას ამბობს „შუგა“:
პირველი ჩხუბი რთული იყო. მესამე რაუნდში მუხლით ძლიერი დარტყმა მივაყენე, მაგრამ გადარჩა. ბოლო რაუნდში, მუცლის არეში რამდენჯერმე კარგად მოვარტყი, ხელითაც დაიჭირა. საათს შეხედა და წრეზე სირბილი დაიწყო. თუ მთლიან ბრძოლას უყურეთ, ნახავდით, რომ ამ მომენტში ყველაზე ახლოს ვიყავი მის დაფინიშებასთან. ეს ყველაზე დიდი ზიანი იყო, რაც მას მივაყენე.
რა თქმა უნდა, ძალიან რთულია მარცხის გადატანა, მაგრამ არ შეიძლება უბრალოდ იჯდე და ამაზე ფიქრობდე, წინსვლა უნდა გააგრძელო. პირველ ბრძოლამდე პრობლემები მქონდა, 10 კვირით ადრე ტრავმა მივიღე. ბრძოლის შემდეგ ოპერაცია გავიკეთე. ვფიქრობდი, რომ რაც შეიძლება სწრაფად გამოვჯანმრთელებულიყავი. სოციალურ მედიას თავი დავანებე, მოწევასაც შევეშვი. უბრალოდ მსურდა, რომ ყურადღების გამფანტველი რაც შეიძლება ცოტა რამ მქონოდა. ზედმეტად ვიყავი „შუგაზე“ მიჯაჭვული, ზედმეტად მივეჯაჭვე ამ პერსონაჟს... თითქოს, ყოველდღიურად ვშორდებოდი იმას, ვინც სინამდვილეში ვიყავი. მამა და ქმარი ვარ და სიმართლე გითხრათ, ცხოვრების სტილი ამან შემაცვლევინა.
მერაბმა იცის, რამდენად საშიშიც ვარ. ის კონცენტრირებული იქნება. ამჯერად, სრულიად განსხვავებულ ბრძოლას უნდა ელოდოს. შესანიშნავი ბანაკი გავიარეთ, კარგად მოვემზადეთ, კარგი რაუნდები ჩავატარე. ბოლო ბანაკში ეს ვერ შევძელი, ახლა კი ყველაფერი განსხვავებულად წარიმართა. კარდიო გავაუმჯობესე და ჭიდაობაში აქტიურად მოვემზადე.
მგონი საიდუმლო არ უნდა იყოს, რომ ეს მოჭიდავისა და სტრაიკერის დაპირისპირება იქნება - ფინიშერი გადაწყვეტილებების წინააღმდეგ. მისი გეგმა იქნება, რომ დამიჭიროს და რაც შეიძლება დიდხანს გამაჩეროს მიწაზე. ჩემი მიზანი კი დარტყმა და მის თვალებში სინათლის ჩაქრობაა. ამ ბრძოლის წინ თქვა, რომ დაამტკიცებს, თუ რამდენად გიჟია. ჩემთან კრივს აპირებს. თუ ნამდვილად ესაა მისი გეგმა, მაშინ სულელი ყოფილა. ვიცი, რომ მისი გათიშვა შემიძლია. UFC 316-ზე მერაბს დავაფინიშებ. იმის შემდეგ, რაც დამამარცხა, გამარჯვება ახლა უფრო სასიამოვნო იქნება.
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილისა და შონ ომალის რემატჩი ზუსტად 1 კვირაში, UFC 316-ზე გაიმართება.