„დარტყმებს დავუბრუნებ და ვეცდები, ნოკაუტით მოვიგო“ - მერაბის ინტერვიუ UFC-სთან
UFC-მ ოფიციალურ გვერდზე მერაბ დვალიშვილისა და შონ ომალის საჩემპიონო ჩხუბზე სპეციალური ვიდეორგოლი - UFC 316 Countdown გამოაქვეყნა, რომელშიც ორივე მებრძოლი მოახლოებულ ჩხუბზე საუბრობს.
თავდაპირველად, მერაბ დვალიშვილის ინტერვიუს შემოგთავაზებთ, რომელშიც „მანქანა“ ომალისთან პირველ ბრძოლას იხსენებს, შემდეგ კი რემატჩზე საუბრობს და თავის სტრატეგიას გვიზიარებს. მერაბი ქართველ მებრძოლებსაც ეხება, რომლებიც პერიოდულად აშშ-ში თავის სახლში ჩაჰყავს და MMA-ში თავის დამკვიდრებაში ეხმარება.
მერაბ დვალიშვილი:
პირველ ბრძოლაში ვიცოდი, როგორი ძლიერიც და სახიფათო იქნებოდა. პირველი თეიქდაუნი მარტივი იყო. გეგმა მქონდა, თუ როგორ უნდა დამემარცხებინა მარტივად დიდი რისკის გარეშე. თუ რამე შეცდომას დავუშვებდი, შეეძლო ძლიერად დაერტყა. მეოთხე რაუნდი ჩემთვის ყველაზე დომინანტური იყო, გეგმაც ძალიან კარგად მუშაობდა. ყოველ ჯერზე, როცა წაქცევის შანსი მქონდა, ვიყენებდი, სტრატეგიულად ვამარცხებდი. ბოლო წამამდე არ მოვდუნებულვარ, რადგან შონი ბრძოლის დასრულებამდე სახიფათოა.
თავიდან, როდესაც ვიგრძენი, რომ დენა უაითმა ქამარი გამიკეთა, გიჟური რეაქცია მქონდა. არ მჯეროდა, იმ დროს ემოციებმა იფეთქა. ეს ნამდვილად ხდებოდა და სიზმარი არ იყო...
რაც შეეხება უმართან ბრძოლას, ვიცოდი, როგორი კარგიც და ამავდროულად, სახიფათო მებრძოლი იყო, მაგრამ ამ გამოწვევისთვის მზად ვიყავი. გეგმა მისი ძლიერი მხარეები გამეთიშა. თავს ჭკვიანურად ვიცავდი და შემდეგ თეიქდაუნების მცდელობები დავიწყე. არანაირი საფრთხე არ მიგრძნია, უბრალოდ ვიცოდი, რომ ჩემს წინ კიდევ ერთი მებრძოლი და მორიგი სპარინგ-პარტნიორი იდგა. ვიცი, რომ სანამ ჩემს საუკეთესოს გავცემ, მანამდე ყოველთვის გავიმარჯვებ. ამჯერადაც ეს გავაკეთე. უმარი დავამარცხე და კვლავ ჩემპიონი ვარ.
ახლა ომალია მორიგი პრეტენდენტი, მე კი ჩემპიონი ვარ. მემუქრება, მე კი ომისთვის მზად ვარ. ყველაფერს გავაკეთებ მის დასაფინიშებლად.
აქ საწვრთნელი ბანაკი გვაქვს. საქართველოდან ახალგაზრდა, ნიჭიერი მებრძოლები ჩამოგვყავს. ჩემს სახლში რჩებიან და მიხარია. სანამ UFC-ში მოვიდოდი, საკმაოდ დიდი გზა გავიარე... არ ვიცოდი, სად მევარჯიშა, სად მებრძოლა... ახლა კი ამ ბიჭებმა იციან, რა არის საჭირო იმისთვის, რომ UFC-ის მებრძოლი გახდე და შემდეგ, ჩემპიონობაც იზეიმო. ყველანი ერთად ვცხოვრობთ, ერთმანეთს ვეხმარებით, ერთად ვვარჯიშობთ, მოტივაციას ვაძლევთ და ერთმანეთს უკეთესებს ვხდით. საქართველოს ბრწყინვალე მებრძოლები და მოჭიდავეები ჰყავს, საბრძოლო ხელოვნების დიდი ტრადიცია გვაქვს. ახლა, ჩემს ქვეყანაში MMA-ის ბუმია. ახალი თაობა გვყავს, რომელიც უფრო ჭკვიანები, ნიჭიერები და ძლიერები არიან. საბოლოოდ, ისინი ჩვენ ჩაგვანაცვლებენ და UFC-ის ჩემპიონები გახდებიან.
შონი ყოველთვის ფინიშს ეძებს, ყოველთვის შენი დანოკაუტება სურს. მას დარტყმებს დავუბრუნებ და როდესაც ორივე ბიჭი ასე იქცევა, საბოლოოდ კარგი ბრძოლა გამოდის. მსურს, დავარტყა და ნოკაუტით მოვუგო.
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილისა და შონ ომალის რემატჩი ზუსტად 1 კვირაში, UFC 316-ზე გაიმართება.