ვილიარეალი, გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

ვილიარეალი კომპენსაციის გადასახდელად მზადაა! მიქაუტაძე ლა ლიგაში?

გიორგი მიქაუტაძის შესაძლო ტრანსფერის ირგვლივ ევროპული პრესა აქტიურობას განაგრძობს. ფრანგული და იტალიური გამოცემები იუწყებიან, რომ „ვილიარეალი“ ჟორჟით სერიოზულად არის დაინტერესებული და მალე საქმე ოფიციალურ წინადადებამდე მივა.

„ლიონს“ ფინანსური პრობლემები აქვს და კლუბმა ყოველ მიზეზ გარეშე 40 მილიონი ევრო უნდა იშოვოს. აქედან გამომდინარე მოსალოდნელია გაყიდვები და ბაზარზე ყველაზე დიდი მოთხოვნა მალიკ ფოფანასთან ერთად მიქაუტაძის მიმართ არის.

აი რას წერს ფრანგული footmercato:

„ჩვენი ინფორმაციით, ლიონის მენეჯმენტის მაგიდაზე ძალიან მალე ოფიციალური წინადადება უნდა გამოჩნდეს. ვილიარეალი სერიოზულად არის დაინტერესებული მიქაუტაძის პროფილით და 30 მილიონი ევროს შეთავაზებას ამზადებს. „ყვითელ წყალქვეშა ნავს“ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი უკვე გამოაკლდა, მათ შორის ალექს ბაენა და თავდამსხმელი იერნო ბარი, იერემი პინო კი კრისტალ პალასში დაახლოებით 50 მილიონ ევროდ გადადის. ეს კლუბს საკმარის ფინანსურ რესურსს უტოვებს, რომ შემადგენლობა სერიოზულად გააძლიეროს. თავად ფეხბურთელიც არ არის გულგრილი ლა ლიგის კლუბის ინტერესის მიმართ, მით უმეტეს, რომ ვილიარეალი ახალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს.

რაც შეეხება ლიონს, კლუბი მტკიცე პოზიციას იკავებს და თავის ლიდერს იოლად არ დათმობს. 24 წლის ფორვარდის სანაცვლოდ, რომელმაც ლიგა 1-ის სტარტზე ორ მატჩში ერთი გოლი გაიტანა, ფრანგები დიდ თანხას მოითხოვენ. ჯერჯერობით ოფიციალური წინადადება არ ყოფილა, თუმცა ეს დიდი ხნით არ გაგრძელდება. ჩვენი ინფორმაციით, ბრძოლაში ბრენტფორდიც ჩაერთო. სატრანსფერო ფანჯრის ფინიშისთვის ლიონის ცხელი დღეები ელის...“

- წერს ფრანგული გამოცემა.

მიქაუტაძის შესახებ ცნობილი სატრანსფერო ექსპერტი საშა ტავოლიერიც წერს და ექსკლუზიურ ინფორმაციასაც ავრცელებს:

„ვილიარეალი ჟორჟ მიქაუტაძის შეძენას ცდილობს! ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შემდეგ და იერემი პინოს კრისტალ პალასში გაყიდვის პირას მყოფმა „ყვითელი წყალქვეშა ნავის“ ხელმძღვანელობამ, ლიონს შეთავაზება გაუგზავნა“.

- წერს ტავოლიერი.

ტავოლიერიმ ამის შემდეგ მორიგი ახალი ინფორმაციაც გაავრცელა. როგორც ჩანს, „ვილიარეალი“ მზადაა „ლიონს“ კომპენსაცია გადაუხადოს და მიქაუტაძის სანაცვლოდ მათ მიერ მოთხოვნილი თანხა გადაურიცხოს. გარიგებას ჯერჯერობით აფერხებს ფეხბურთელის ანაზღაურება. რაც ესპანურმა კლუბმა შესთავაზა და ის, რასაც ჟორჟი „ლიონში“ იღებს. საფრანგეთში ქართველ ფორვარდს მეტს უხდიან. ვნახოთ როგორ დასრულდება მოლაპარაკებები და რომელი მხარე წავა დათმობაზე.

ტრანსფერმარკტი მიქაუტაძეს 22 მილიონ ევროდ აფასებს. მოსალოდნელია, რომ „ლიონი“ ქართველი ფორვარდის სანაცვლოდ 40 მილიონს მოითხოვს, იმდენს რამხელა ვალიც აქვთ. თუმცა, თუ ფინანსური კუთხით კლუბის მდგომარეობა არ გამოსწორდა, არ არის გამორიცხული „ვილიარეალის“ 30 მილიონიან შეთავაზებაზე თანხმობაც განაცხადონ.

გიორგი მიქაუტაძის გარშემო შექმნილ მდგომარეობაზე RMC Sport-ის ჟურნალისტმა, დანიელ რიოლომაც ისაუბრა.

„მიდის თუ არა საუბრები ლიონსა და უცხოურ კლუბებს შორის მიქაუტაძის თაობაზე? არა, თუმცა ფეხბურთელის წარმომადგენლებს რამდენიმე კლუბი დაუკავშირდა. გიორგის წასვლა არ უნდა და ტრანსფერი არ მოუთხოვია. ვნახოთ, რა მოხდება“.

მსგავსი სიახლეები