„რომ არა ჩოგბურთი, საუკეთესო მეგობრები ვიქნებოდით“ - სერენამ შარაპოვა წარადგინა
მარია შარაპოვა ჩოგბურთის დიდების დარბაზში შეიყვანეს და რამდენადაც საინტერესოდ არ უნდა ჟღერდეს, რუსი ჩოგბურთელი წევრად მისმა ყველაზე პრინციპულმა და ძლიერმა მეტოქემ, სერენა უილიამსმა წარადგინა. მარიამ სერენას თავისი მიღწევის გალამაზება ამ ჟესტით თავად სთხოვა, რაზეც ამერიკელმა ლეგენდარულმა ჩოგბურთელმა საჯაროდ ისაუბრა.
სერენა უილიამსი
ალბათ უკანასკნელი ადამიანი ვარ, რომლის ნახვასაც თქვენ აქ ელოდით და სიმართლე გითხრათ, რამდენიმე წლის წინ მეც ასე ვიფიქრებდი. თუმცა, 2025 წლის დასაწყისში აზრი შევიცვალე და ამის საწინდარი მარია შარაპოვას სატელეფონო ზარი გახდა, რომელმაც მთხოვა, რომ დიდების დარბაზის წევრად მე წარმედგინა, რაზეც ვუპასუხე, რომ ეს ჩემთვის დიდი პატივი იქნებოდა.
არ უარვყოფ, როდესაც ორივე ჩოგბურთს ვთამაშობდით, მარია შარაპოვა ჩემი დაუძინებელი მტერი იყო, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ერთმანეთისგან განვსხვავდებოდით. პირიქით, საერთო მიზნისთვის ვიბრძოდით და რადგანაც მხოლოდ ერთი ჯილდო არსებობს, ერთმანეთს არაფერს ვუთმობდით. იცით, ერთმა ჩვენმა საერთო ნაცნობმა რა მითხრა? ის, რომ ხასიათი იმდენად ერთნაირი გვაქვს, ერთმანეთი ჩოგბურთის ნაცვლად სხვა გარემოებაში რომ გაგვეცნო, მე და მარია საუკეთესო მეგობრები ვიქნებოდით.
ცნობისათვის, სერენა უილიამსი და მარია შარაპოვა კარიერის მანძილზე 22-ჯერ დაუპირისპირდნენ, საიდანაც ამერიკელმა 20 შეხვედრა მოიგო, რუსის ანგარიშზე კი მხოლოდ 2 გამარჯვებაა.