„დიდი ჩეკი - მთავარი ფულია, პედი ბრძოლას კარგად ყიდის, ილია მას უნდა შეხვდეს“
UFC-ის მსუბუქი წონის მოქმედ ჩემპიონთან, ილია თოფურიასთან, პედი პიმბლეტის ბრძოლა ყველაზე მეტ აზრს იძენს – ამაში დარწმუნებულია ორგანიზაციის კომენტატორი, დომინიკ კრუზი და თუ რატომ, თავის მოსაზრებას აფიქსირებს.
„საბოლოო ჯამში, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, ვის წინააღმდეგ შეგიძლია ყველაზე დიდი ჩეკის მიღება კონკრეტულ დროს. დაარქვით ამას, როგორც გინდათ, მაგრამ ჩვენ ფულისთვის ვიბრძვით. ამას ვიღებთ მიუხედავად იმისა, ვიგებთ თუ ვმარცხდებით. თუ არჩევანი პედის, არმანსა და ჯასტინს შორისაა, რომელ ბრძოლას მოაქვს მეტი ფული? ჩვენ ყველამ კარგად ვიცით პასუხი ამ კითხვაზე.
ასე რომ, თუ გონივრულად აზროვნებ, სწორედ ამ ბრძოლას აირჩევ. იმიტომ, რომ ეს ბიჭი რეალური ფულია. ეს არ ნიშნავს, რომ სხვები ცუდი მებრძოლები არიან, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ პედი გაყიდვაში, პოპულარიზაციაში და საუბარში ძლიერია. მას აქვს სრული პაკეტი იმისა, რაც წარმატებული გაყიდვებისთვის საჭიროა. ეს უბრალოდ ლოგიკურია, შენ ყველაზე მეტს სწორედ ამ ბრძოლიდან გამოიმუშავებ“,
– განაცხადა „დომინატორმა“ ჯონ ენიკისა და კენი ფლორიანის პოდკასტში.
ამასთან, მსუბუქ წონაში UFC-ის ყოფილი ჩემპიონი მიიჩნევს, რომ ბრიტანელს დაუმარცხებელ ქართველ მებრძოლთან დაპირისპირებაში რეალური შანსიც აქვს.
„პედი მომწონს. ის უკვე აღარ არის ის, ვინც UFC-ში შემოსვლისას იყო. უკეთესი გახდა, და ხალხს ავიწყდება, რომ თითოეული ბრძოლით ნამდვილად პროგრესირებ, თუ თავდაჯერებას იძენ, და მან ეს იპოვა. მისი თავდაჯერება საგრძნობლად გაიზარდა, და როცა ასეა, ძალიან რთულია შენი დამარცხება. ახლა ის სწორედ ასეთ მდგომარეობაშია“,
– დაამატა კრუზმა.
„ელ მატადორის“ სავარაუდო მეტოქედ პიმბლეტთან ერთად ჯასტინ გეიჯი და არმან ცარუკიანი სახელდებიან. დღეს ინფორმაციაც გავრცელდა, რომ ილია გეიჯის წინააღმდეგ UFC 322-ზე იჩხუბებს, თუმცა ჯერჯერობით ოფიციალურად არაფერი დადასტურებულა.
ცნობისთვის, UFC 322 15 ნოემბერს, ნიუ-იორკში, Madison Square Garden-ში გაიმართება.