ფოტოგრაფს ეგონა, რომ მატჩი დასრულდა | გაბრაზებული მედვედევი და ბონზის გმირობა
US Open-ის პირველ წრეში მსოფლიოს მე-13 ჩოგანი დანილ მედვედევი ბენჟამინ ბონზის დაუპირისპირდა. რუსი ფავორიტად მიიჩნეოდა, თუმცა ხუთ სეტში დამარცხდა - 3:6, 5:7, 7:6(5), 6:0, 4:6. შეხვედრამ ყურადღება სენსაციური შედეგის გარდა, მესამე სეტში მომხდარი სკანდალისა და მედვედევის ქცევების გამოც მიიქცია.
ბონზიმ პირველი ორი სეტი შესანიშნავად ჩაატარა და მესამე პარტიაში, 5:4-ზე, მატჩზე აწვდიდა. ფრანგს მატჩპოინტიც ჰქონდა, მაგრამ პირველი ჩაწოდება გააფუჭა. ამ დროს თამაშზე მყოფ ერთ-ერთ ფოტოგრაფს ეგონა, რომ შეხვედრა დასრულდა და კორტზე შევიდა. კოშკურის მსაჯმა, გრეგ ალენსვორტმა ფოტოგრაფს უთხრა, კორტი დაეტოვებინა და წესების შესაბამისად, გარე ჩარევის გამო, ბონზის პირველი ჩაწოდება დაუბრუნა.
ალენსვორტის გადაწყვეტილებამ მედვედევი გააბრაზა. მიუხედავად იმისა, რომ კოშკურის მსაჯი სწორად მოიქცა, დანილი მასთან მივიდა და დავა გამართა: „შენ კაცი ხარ? შენ კაცი ხარ? რა ჯანდაბას აკეთებ? რა მოხდა?“ - მიმართა დანილმა შემდეგ კი კამერებთან განაცხადა: „მას აქ ყოფნა არ უნდა (მსაჯზე საუბრობს). ხელფასს საათობრივად კი არა, მატჩის მიხედვით უხდიან. რას ამბობდა რაილი ოპელკა? რას ამბობდა რაილი ოპელკა?“
მედვედევმა ოპელკა სპეციალუად გაიხსენა. თებერვალში რაილიმ ალენსვორტი ATP-ის ყველაზე ცუდ მსაჯად მოიხსენია და მისი გათავისუფლება მოითხოვა.
რუსმა ჩოგბურთელმა მიზანს მიაღწია. მედვედევმა ტრიბუნები აიყოლია და სტადიონზე სტვენა გაისმა, რომელიც დაახლოებით ხუთ წუთს გაგრძელდა. ბუნებრივია, ამან ბონზიზე გავლენა მოახდინა. ფრანგმა ჩოგბურთელმა შეცდომები დაუშვა, მედვედევმა მატჩპოინტი გადაარჩინა და მესამე სეტი ტაიბრეიკზე მოიგო.
რუსმა ჩოგბურთელმა ძალიან კარგად იცოდა, რომ ბონზის ანერვიულება შეეძლო და ყველაფერი გააკეთა, რათა მასზე ზეწოლა განეხორციელებინა. მედვედევმა მომენტი სათავისოდ გამოიყენა და სეტებში ჩამორჩენა შეამცირა, შემდეგ კი ანგარიში გაათანაბრა, თუმცა ბონზიმ ბოლომდე გმირულად იბრძოლა და მეხუთე სეტში სასურველი შედეგი დააფიქსირა.