მახაჩევის მენეჯერი: სწორი იქნება, თუ გეიჯის სატიტულო ჩხუბს თოფურიასთან მისცემენ
ისლამ მახაჩევის მენეჯერი, ალი აბდელ-აზიზი მიჩნევს, რომ ჯასტინ გეიჯიმ ტიტულისთვის უნდა იჩხუბოს.
„ჯასტინი თავისას ითხოვს და მე მხარს ვუჭერ. სწორი იქნება, თუ გეიჯის სატიტულო ჩხუბს თოფურიასთან მისცემენ. UFC ამ ბრძოლის ორგანიზებით, გეიჯის აუნაზღაურებს ყველაფერს, რაც კი მას გაუკეთებია“, - თქვა მენეჯერმა.
შეგახსენებთ, რომ მანამდე „ელ მატადორის“ მენეჯერმა, ლუკაშ ორზელმა სოციალურ ქსელ Instagram-ში დაამატა სთორი, რომელშიც ვიგებთ, რომ თოფურია და გეიჯი ერთმანეთს UFC 322-ზე შეხვდებიან, თუმცა მალევე, ორზელმა სთორი წაშალა.
ამის მიუხედავად, ამერიკულ მედიაში ამტკიცებენ, რომ ილიასა და ჯასტინ გეიჯის ჩხუბი უკვე გადაწყვეტილია.
ამას ისიც ემატება, რომ ამავე წონითი დივიზიონის მებრძოლმა, რენატო მოიკანოს თქმით, მას აქვს დადასტურებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ UFC 322-ზე ორი საჩემპიონო ჩხუბი გაიმართება, სადაც მთავარი მოვლენა ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის ჩხუბი იქნება, მეორე საჩემპიონო ბრძოლა კი უმსუბუქეს წონაში, ალეშანდრე პანტოჟასა და ჯოშუა ვანს შორის ჩატარდება.