„უფრო და უფრო უკეთესი ხდება, ჩავარდნებს ვერ ვხედავ“ | სიომინმა ხვიჩა შეაქო
ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, იური სიომინმა, ქართველ ფეხბურთელზე ისაუბრა. სიომინმა „კვარას“ „პარი სენ-ჟერმენში“ ასპარეზობა შეაფასა და აღნიშნა, რომ ქართველი გარემარბი თანდათან უფრო და უფრო უკეთესი ხდება.
„პარი სენ-ჟერმენის ბოლო შეხვედრაში ხვიჩამ მოედანზე მხოლოდ 20 წუთი გაატარა, თუმცა კარგად ითამაშა. პსჟ-ში ხშირი როტაცია მიმდინარეობს და ეს გამართლებულია, რადგან ლუის ენრიკე ფეხბურთელებს უფრთხილდება. ის მათ ენერგიას ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტი ეტაპებისთვის ინახავს და სურს, ყველა მოთამაშე კარგ ფიზიკურ კონდიციაში იყოს.
ხვიჩას თამაშში ჩავარდნებს ვერ ვხედავ. ის უფრო და უფრო უკეთესი ხდება და ნელ-ნელა ეგუება საფეხბურთოს სტილს, რომელიც ენრიკეს სურს, რომ მისმა გუნდმა აჩვენოს. ხვიჩა დაცვაში დიდ სამუშაოს ასრულებს და მოედნის ყველა მონაკვეთზე ბოლომდე იხარჯება.
ენრიკე ყველა ფეხბურთელს აძლევს სათამაშო დროს და თითოეული მათგანი ცდილობს, მიღებული შანსი მაქსიმალურად გამოიყენოს. მოთამაშეთა მხრიდან უკმაყოფილება არ შეიმჩნევა — ეს კი ნიშნავს, რომ კვლავ შეგვიძლია, „პარი სენ-ჟერმენისგან“ დიდ წარმატებას ველოდოთ.“
შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილის ლიდერია და 10 ტურის შემდეგ 21 ქულა აქვს. პარიზელები მომდევნო შეხვედრას 1-ელ ნოემბერს გამართავენ და „ნიცას“ დაუპირისპირდებიან.
 
                             
                                                         
                                 
                                             
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                 
                         
                         
                         
                         
                        